ფეხბურთი

20:05 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამირ აბასოვი: "მეტოქეს უპირატესობა აქვს, მაგრამ ვეცდებით ჩვენი კლუბი კარგად წარმოვაჩინოთ"

ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

აბასოვის განცხადებით, „დინამო თბილისს“ დიდი ისტორია აქვს და გარკვეულ უპირატესობასაც ფლობს, რადგან საქართველოში ჩემპიონატი მიმდინარეობს. თუმცა, მისი გუნდი შეკრებაზე კარგად მოემზადება და მათი მიზანია, რომ გამარჯვება მოიპოვონ.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ მოხარულები ვართ წლების შემდეგ ასეთ ტურნირზე ჩვენს ქვეყანას რომ წარმოვადგენთ. არ მოგატყუებთ და, გუნდში არის თამაშის წინ ღელვა, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მატჩისწინა ღელვა მოედანს მიღმა დარჩება და თამაშის დროს დაძაბულობა მოიხსნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ და როგორც ჩვენი კლუბი, ისე ხალხი კარგად წარმოვაჩინოთ. მეტოქეს ჩვენთან შედარებით აქვს გარკვეული უპირატესობები, რაც იმაში გამოისახება, რომ საქართველოში ჩემპიონატი მიმდინარეობს და სათამაშო კონდიციაში იმყოფებიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მზად არ ვართ. ამხანაგური მატჩები გვქონდა და ჩვენც მზად ვართ სათამაშოდ.

ხვალინდელი თამაში დაძაბული იქნება. მეტოქის ტაქტიკა შევისწავლეთ, ბოლო ხუთი თამაში ვნახეთ და ვაკვირდებოდით. თუმცა, ერთია გუნდის თეორიულად შესწავლა და მეორეა პრაქტიკაში მის წინააღმდეგ თამაში. „დინამო თბილისს“ დიდი ისტორია აქვს და ტრადიციული გუნდია. კახა ცხადაძეს კარგად ვიცნობ, მისი ფეხბურთელი ვიყავი და მის შესაძლებლობებს ვიცნობ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

ძირითად შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით. თამაშამდე თითქმის ერთი დღეა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა 90-95%-ით ცხადია ჩამოყალიბებული ვართ. შემადგენლობის შერჩევა დამოკიდებულია მეტოქის მომზადების დონეზეც, მაგრამ ჩვენგან მოედანზე ვინც გავა ყველანი მზად იქნებიან და ბოლომდე დაიხარჯებიან.

კახა ცხადაძესთან თბილი მოგონებები მაკავშირებს. მისი ფეხბურთელი ვიყავი და მისგან ბევრი ვისწავლე კიდეც. ზოგადად, ყველა მწვრთნელი, ვინც მყოლია, მათგან რაღაცას ვსწავლობდი და ამ ყველაფერს ვაერთიანებ. ცხადაძის ფილოსოფიას კარგად ვიცნობ, ესეც გამომადგება, მაგრამ შეიძლება თეორიული შეხედულება პრაქტიკას არ დაემთხვეს, ამიტომ, წინასწარ ამაზე ვერ ვისაუბრებ.

გუნდი გაძლიერების პროცესშია. გვქონდა მოლოდინი რამდენიმე ფეხბურთელის დამატების, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. ჩემი აზრით, გუნდის წარმატებას არ განსაზღვრავს ცალკეული ფეხბურთელის დონე, არამედ გუნდს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხასიათი.

რა თქმა უნდა, ყველა გუნდს აქვს პლუსები და მინუსები. დინამო თბილისს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და მათ სისუსტეებზე მეტად, ძლიერ მხარეებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ მისი გამოყენების საშუალება არ მივცეთ. ჩვენ ვიცით, სუსტი და ძლიერი მხარეებიც, მაგრამ ამაზე ახლა საუბარი კორექტული არ იქნება“, - თქვა აბასოვმა.

აზერბაიჯანელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე სერბი ფეხბურთელი ვოისლავ სტანკოვიჩი ახლდა, რომელიც თავის დროზე ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით თამაშობდა:

ვოისლავ სტანკოვიჩი („ნეფთჩის“ ფეხბურთელი): „ხვალ ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. „ინტერში“ კახა ცხადაძის ფეხბურთელი ვიყავი და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ცხადაძე აზერბაიჯანულ ფეხბურთს კარგად იცნობს, მაგრამ აქ მოსაგებად ჩამოვედით და ვეცდებით ჩვენს მიზანს მივაღწიოთ და მაღალ დონეზე ვითამაშოთ. სლოვენიაში კარგი შეკრება გავიარეთ, დაცვაში გარკვეული ცვლილებები მოხდა გუნდის გაუმჯობესების მიზნით და ვეცდებით მაღალ დონეზე ვითამაშოთ“.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისისა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შეხვედრა 7 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში საუკეთესო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის "ოლიმპიაკოსს" შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას "მაკაბისა" და ყაზახურ "კაირატს" შორის დამარცხებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138483