სხვა

4:25 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მოცურავე ქალი ოლიმპიელი ინდოეთიდან

მისი სახელია მაანა პატელი და მას წილად ხვდა პატივი, ინდოელ მოცურავეებს შორის, ოლიმპიურ აუზში პირველმა წარადგინოს თავისი ქვეყანა. მან ოლიმპიური საგზური იმის მიუხედავად მოიპოვა, რომ წინაოლიმპიური მზადება, პრაქტიკულად ჩაუშალა კორონავირუსის პანდემიამ.

პატელი 21 წლისაა და ის ტოკიოში 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში იასპარეზებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო FINA-მ (საწყლოსნო სახეობების მსოფლიო ფედერაცია), რომელმაც პატელის ოლიმპიადაზე მისაწვევად, ეგრეთ წოდებული უნივერსალურობის კვოტა გამოიყენა. ასეთ გადაწყვეტილებაში, FINA-ს ხელი თავად პატელმა შეუწყო, ვინც ბოლო სამ თვეში, ევროპულ აუზებში კარგი შედეგები აჩვენა.

„ძალიან, ძალიან აღელვებული ვარ. ოლიმპიადაზე ჩემი ქვეყნის სახელით ასპარეზობა, ჩემთვის დიდი პატივია. და მჯერა, ჩემთვის ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა პატელმა.

უნივერსალურობის კვოტა თითო ქვეყნიდან, ოლიმპიადაზე თითო ქალი ან მამაკაცი მოცურავის გაგზავნის საშუალებას იძლევა. ოღონდ იმ პირობით, თუ ამ ქვეყნიდან, იმავე სქესის სხვა მოცურავეს ოლიმპიური საგზური მოპოვებულ არ აქვს.

ინდოელ მოცურავეებს პანდემიის ჩაკეტილობის პირობებში, ვარჯიშის საშუალება პრაქტიკულად არ ჰქონდათ. შესაბამისად, ოლიმპიური საგზურის მოპოვებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

„კორონას პერიოდი ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი მოცურავეებისთვის, ძალიან რთული იყო, რადგან საცურაო აუზები ძალიან დიდი ხნით დაიკეტა. ამიტომ ჩვენთვის ვარჯიში თითქმის შეუძლებელი იყო. იძულებული ვიყავი, ვარჯიში შინ გამეგრძელებინა, ხარისხიანი საკვები მიმეღო და პოზიტიური განწყობა, წიგნების კითხვით შემენარჩუნებინა“, - ყვება პატელი.

პატელის გარდა, ტოკიოში კიდევ ორი ინდოელი მოცურავე იასპარეზებს. ორივე მამაკაცია - შიჰარი ნატარაჟი და საჯან პრაკაში. პატელმა აპრილში უზბეკეთში ჩატარებულ შეჯიბრზე გაიმარჯვა, რის შემდეგაც, სერბეთსა და იტალიაში იასპარეზა. ბელგრადში 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში, ინდოეთის რეკორდი (წუთი და 03.77 წამი) დაამყარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112966