ჩოგბურთი

3:06 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ონს ჟაბორი - პირველი არაბი ქალი უიმბლდონის მეოთხედფინალში

უიმბლდონის ჩემპიონატზე გამორჩეული ამბავი მოხდა - მეოთხედფინალში პირველად გავიდა არაბი ჩოგბურთელი ქალი. მისი სახელია ონს ჟაბორი და მან მეოთხე წრეში, საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელი ჩემპიონი, პოლონელი იგა სვიატეკი 5-7, 6-1, 6-1 დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისი ტუნისელს კარგს არაფერს უქადდა. ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო და პირველი სეტიც წააგო. მაგრამ ამის შემდეგ, მეორე კორტზე სრულად გაბატონდა და მეტოქეს მომდევნო ორ სეტში თითო გეიმიღა დაუთმო.

ამგვარად, მეოთხედფინალის გზაზე, ჟაბორმა დიდი სლემის ტიტულების სამი მეტოქე ჩამოიშორა. მისი პირველი მსხვერპლი უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონი ვენუს უილიამსი იყო, შემდეგი კი ესპანელი გარბინე მუგურუსა (თითო ტიტული აქვს როლან გაროსსა და უიმბლდნოზე).

ამგვარად, 26 წლის ჟაბორი დიდი სლემის ტურნირების მეოთხედფინალში მეორედ ითამაშებს (პირველად ეს ავსტრალიაში, შარშან შეძლო). მისი მომდევნო მეტოქე, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ბელარუსი არინა საბალენკაა.

„მეოთხედფინლს უკვე მივეჩვიე. ახლა ჩემი მიზანი უფრო შორს გასვლაა და ფინალიც, რატრომაც არა? აქ ძალიან მომწონს, ბალახზე თამაში მსიამოვნებს“, - განაცხადა ჟაბორმა, ვინც WTA-ს პირველი ტიტული ერთი თვის წინათ, ბირმინგემში მოიპოვა.

0.111049