ტურ დე ფრანსის ლიდერი ისევ მოქმედი ჩემპიონი, ტადეი პოგაჩარია, რომელმაც უახლოეს მდევართან უპირატესობა გაზარდა კიდეც. ეს უახლოესი მდევარი კი შეიცვალა - მეორე ადგილზე ავსტრალიელმა ბენ ო’კონორმა გადაინაცვლა, ვინც ურთულესი მეცხრე ეტაპი, დიდი უპირატესობით მოიგო.
ეტაპის სტარტამდე ცნობილი გახდა, რომ რბოლას არ აგრძელებენ ტურის ვიცე ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) და ყოფილი ლიდერი, ჰოლანდიელი მატიო ვან დერ პოელი (ალპესინ-ფენიქსი), ვინც ოლიმპიადისთვის ძალების დაზოგვას აპირებს. როგლიჩი კი, პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და თან ორჯერ დაეცა, რამაც მის შესაძლებლობებზე უარყოფითად იმოქმედა. ამიტომ, მისთვის ასპარეზობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.
25 წლის ო’კონორმა (AGR2-სიტროენი) გადამწყვეტი შეტევა მაშინ დაიწყო, როცა ფინიშამდე 17 კილომეტრი იყო დარჩენილი. საბოლოოდ, მან ხუთ წუთზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ იტალიელ მატია კატანეოს (დესონინკ-ქვიკ-სტეპი). მესამე ადგილზე კი ასევე იტალიელი, სონი კოლბრელი (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) გავიდა.
პოგაჩარმა (UAE ტიმ ემირატსი) ტემპი მაშინ გაზარდა, როცა მისმა უშუალო კონკურენტმა, ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა (ინეოს გრენადერსი) მისი ჩამოტოვება სცადა. საბოლოოდ, სლოვენიელი მეექვსე ადგილს დასჯერდა და გამარჯვებულს თითქმის ექვსი წუთით ჩამორჩა. მასთან ნახევარ წუთზე მეტი წააგო კარაპასმა.







