ჩოგბურთი

2:10 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი უიმბლდონის მეოთხე წრეში გავიდა

უიმბლდონის რვაგზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი მეცხრე ტიტულისკენ სვლას აგრძელებს. მესამე წრეში მან დაძაბულ ბრძოლაში, 6-4, 6-4, 5-7, 6-4 მოუგო ბრიტანელ კამერონ ნორიეს. შესაძლოა, შვეიცარიელი ამჯერად მთავარ ფავორიტთა შორის არაა, მაგრამ ნორიესთან შეხვედრაში დაადასტურა, რომ ფიზიკურად ყველაფრისთვის მზადაა.

ნორიემ მესამე სეტის მე-11 გეიმში, როცა ანგარიში 5-5 იყო, შეძლო მეტოქის მოწოდებაზე მოგება და მომდევნო გეიმში, უკვე საკუთარ მოწოდებაზე, სეტი გამარჯვებით დაასრულა. მაგრამ ერთი სეტი შეხვედრას ვერ იგებს და ფედერერმა მომდევნო სეტში დასვა წერტილი. შეხვედრა ორი საათი და 34 წუთი გრძელდებოდა.

ფედერერი უიმბლდონის მეოთხე წრეში მე-18 შეხვედრას ჩაატარებს. ამჯერად მისი მეტოქე, 23-ე ნომრად განთესილი იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც ავსტრალიელ ჯეიმს დაკუორტს 6-3, 6-4, 6-4 მოუგო.

ტურნირს აგრძელებს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ვინც ამერიკელ დენის კუდლას 6-4, 6-3, 7-6(7) მოუგო. სერბმა ორი წლის წინათ, ფინალში სწორედ ფედერერს მოუგო. ახლა კი დიდი სლემის მე-20 ტიტულისთვის იბრძვის.

0.116945