სხვა

1:32 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგაჩარმა ალპებში ყვითელი მაისური მოირგო

ტურ დე ფრანსის სლოვენიელ ჩემპიონ ტადეი პოგაჩარს მარათონის მერვე ეტაპი არ მოუგია, მაგრამ მთავარ საქმეს კარგად გაართვა თავი - ყველა კონკურენტს აჯობა და რაც მთავარია, რბოლის ლიდერი გახდა. პირველი ალპური რბოლა კი ბელგიელმა დილან ტეუნსმა მოიგო, ვინც მეოთხეზე გასულ პოგაჩარს 49 წამით აჯობა.

პოგაჩარი (UAE ტიმ ემირატსი) იმ ჯგუფში იყო, რომელმაც პელოტონის ჩამოტოვება შეძლო. ეს ჯგუფი აღმართებზე გაიწელა. ფინიშამდე 35 კილომეტრით ადრე კი სლოვენიელმა შეტევა დაიწყო, მიყოლებით რამდენიმე მეტოქეს ჩაუარა და ფინიშს მეოთხემ მიაღწია.

პოგაჩარის გამოდევნება „ინეოს გრენადერსის“ ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა სცადა, მაგრამ ტემპს ვერ გაუძლო და მასთან სამ წუთზე მეტი დათმო. კლასიფიკაციაში კი მეექვსეზე გადაინაცვლა და ლიდერ ჩემპიონს 5 წუთზე მეტით ჩამორჩა.

დღეს ყველაზე სწრაფი ტეუნსი (ბაჰრეინ ვიცტორიოუს) იყო, რომელმაც 44 წამით აჯობა ესპანელ იონ იზაგირეს (ასტანა) და 49 წამით - კანადელ მაიკლ ვუდსს (ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენ). დღევანდელი ეტაპის შემდეგ, ახალ ლიდერს 36 წუთით ჩამორჩა უელსელი გერეინ თომასი (ინეოს გრენადერსი), ვინც 45-ე ადგილზეა და თითქმის 40 წუთით - პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა), ვინც 51-ე ადგილზეა. ორივე რბოლამდე ფავორიტებს შორის იყო, ამჟამად კი პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

მეორე ადგილზე დარჩა ბელგიელი ვუტ ვან აერტი (ჯუმბო-ვისმა), მაგრამ თუ მერვე ეტაპის წინ, ის ლიდერს (მაშინ პირველი ადგილი ჰოლანდიელ მატიო ვან დერ პოელს (ალპესინ ფენიქსი) ეკავა) 30 წამით ჩამორჩებოდა, ახლა პიგაჩართან წუთსა და 48 წამს აგებს. მესამე ადგილზეა „ასტანას“ ყაზახი მრბოლი ალექსეი ლუცენკო, ვინც ჩემპიონს 4 წუთით და 38 წამით ჩამორჩება.

ხვალ მარათონზე კიდევ ერთი ურთულესი სამთო ეტაპია, რომლის ფინიშიც პირველი კატეგორიის აღმართზე მდებარეობს. ამის შემდეგ კი ველომრბოლებს პირველი დასვენების დღე ექნებათ.

0.11487