ფეხბურთი

22:08 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება: დანია ნახევარფინალშია

ევრო 2020-ზე ნახევარფინალისტთა რაოდენობა გაიზარდა და დანიის ნაკრები საუკეთესო ოთხეულშია. კასპერ ჰიულმანდის გუნდმა ჩეხეთის ნაკრები ბრძოლაში დაამარცხა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

საქმე ისაა, რომ დანიამ დიდი ტურნირის ნახევარფინალში გასვლა 1992 წლის შემდეგ პირველად შეძლო, როცა ევროპის ჩემპიონი გახდა. სკანდინავიელებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ცუდად დაიწყეს, ზედიზედ ორჯერ წააგეს, მაგრამ მას შემდეგ მიჯრით მესამედ მოიგეს და უკვე ნახევარფინალში მეტოქეს ელოდებიან.

პირველ ტაიმში დანია უკეთესი იყო და ეს შედეგშიც სრულად აისახა. ტომას დილეინისა და კასპერ დოლბერგის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, რითაც გამარჯვებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხეთმაც ბოლომდე იბრძოლა და მეორე ტაიმის დასაწყისში პატრიკ შიკმა სხვაობა შეამცირა. სხვათა შორის, მან მეხუთე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. იაროსლავ შიჰლავის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაუზოგავს, მაგრამ დანიამ თავი კარგად დაიცვა და საბოლოო გამარჯვებამდე საქმის მიყვანა მოახერხა.

ამრიგად, დანია ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც 7 ივლისს, ლონდონში ინგლისის ან უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩეხეთი - დანია 1:2 (0:2)

ბაქო, „ოლიმპიური სტადიონი“

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი; ცოუფალი, ჩელუსტკა (ბრაბეცი 65), კალაში, ბორილი; ჰოლესი (იანკტო 46), სოუჩეკი; მასოპუსტი (კრმენჩიკი 46), ბარაკი, სევჩიკი (დარიდა 80); შიკი (ვიდრა 80)

მწვრთნელი: იაროსლავ შიჰლავი

დანია (3-4-2-1): შმეიხელი; კრისტენსენი (ანდერსენი 81), კიაერი, ვესტერგაარდი; ლარსენი (ვასი 71), ჰოიბერგი, დილეინი (იენსენი 82), მეჰლე; დამსგორი (ნორგორი 60); ბრაითვაითი; დოლბერგი (პოულსენი 60)

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

გოლები: 0:1 დილეინი (5), 0:2 დოლბერგი (42), 1:2 შიკი (49)

გაფრთხილება: კრმენჩიკი (84), კალასი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 11 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:0 თამაშგარე: 9:7

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ტომას დილეინი (დანია)

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

0.279452