ქუთაისის „ტორპედოში“ ისევ ფინანსური კრიზისია და მისი მომავალიც გაურკვეველია. იმერული გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და უახლოეს ტურში ისინი სათამაშოდ არ გავლენ.
ინფორმაცია „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთელებს ეს სიტუაცია უკვე ყელში ამოუვიდათ და თამაშზე არ მიდიან. ქუთათურთა რიგებში უკვე 4 თვეა ხელფასები არ დარიგებულა და გაუსაძლისი მდგომარეობაა.
„ტორპედო“ „საბურთალოსთან“ მატჩისთვის მეორე გუნდის, 17 და 19-წლამდე გუნდის ფეხბურთელებით ემზადება და სწორედ ისინი გავლენ სათამაშოდ.
ჩხეტიანმა ისიც თქვა, რომ მთავარი გუნდის ფეხბურთელები კიდევ 3-4 დღეს მოიცდიან და თუ სიტუაცია არ შეიცვლება და არ გაირკვევა, სხვა კლუბებში გააგრძელებენ კარიერას. როგორც მან აღნიშნა, ეს მდგომარეობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს, რადგან ისინი ვერავის დაავალდებულებენ, რომ ერთი წელი ვინმემ უხელფასოდ ითამაშოს.
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 20 თამაშის შემდეგ 19 ქულით მერვე ადგილზეა და „საბურთალოს“ 4 ივლისს უნდა დაუპირისპირდეს.