სხვა

3:01 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

შა’ქარი რიჩარდსონი მარიხუანას გამო დაისაჯა

სამწუხაროა, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადაზე, ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, 100 მეტრზე სპრინტის ერთ-ერთი ფავორიტი, შა’ქარი რიჩარდსონი ვერ იასპარეზებს. კანაფის მოწევის გამო, მას 1-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

შეერთებული შტატების დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტომ (USADA) დაადასტურა დისკვალიფიკაცია, მაგრამ დაამატა, რომ 21 წლის მორბენალს, ესტაფეტებში მონაწილეობის უფლება ექნება.

რიჩარდსონმა ამერიკის მძლეოსანთა შესარჩევ ტურნირზე, 100 მეტრზე სპრინტში გაიმარჯვა (10.86 წამი) და ტოკიოში, ამ დისტანციაზე ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი უნდა ყოფილიყო.

ტოკიოს ოლიმპიადაზე, ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტი 30 ივლისს იწყება. ამ დროისთვის, რიჩარდსონის დისკვალიფიკაცია ორი დღის დასრულებული იქნება. მაგრამ ის ვერ იასპარეზებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესარჩევ ტურნირზე დაფიქსირებული შედგი გაუუქმდა.

NBC-სთან ინტერვიუში, რიჩარდსონმა განაცხადა, რომ მარიხუანა მაშინ მოწია, როცა დედის სიკვდილის ამბავი შეიტყო.

„როგორც ტვიტერზეც დავწერე, მე ადამიანი ვარ. ჩვენ ადამიანები ვართ. მინდა, ჩემ შესახებ ყელაფერი ნათელი იყოს. შემიძლია ვთქვა, რომ სიტყვა სტეროიდი შა’ქარი რიჩარდსონის სახელს არასდროს დაუკავშირდება. ყველაფერი მარიხუანამ გამოიწვია“, - განაცხადა მძლეოსანმა.

USADA-სგანცხადებით, დისკვალიფიკაცია ერთ თვემდე შემცირდა, რადგან რიჩარდსონმა კანაფი არასაშეჯიბრო პერიოდში გამოიყენა და ეს სპორტული შედეგის გაუმჯობესებას არ უკავშირდებოდა.

რიჩარდსონს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს 4x100 ესტაფეტაში, რომელიც აგვისტოს პირველ დღეებში გაიმართება. ამის უფლებას მას ის გარემოებას აძლევს, რომ ამ სეზონში, ის ამერიკელთა შორის უსწრაფესია 100 მეტრზე (10.72 წამი). ოღონდ, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მძლეოსნობის ფედერაციამ უნდა მიიღოს.

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია „ნაიკმა“, ვინც რიჩარდსონის სპონსორია, გამოაცხადა, რომ მასთან რჩება.

კანაფი მსოფლიოს დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს (WADA) მიერ აკრძალული სუბსტანციაა. მაგრამ თუ ათლეტი შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ მას შედეგების გასაუმჯობესებლად არ იყენებს, მაშინ სასჯელი მხოლოდ მაქსიმუმ სამი თვეა და არა ორი ან ოთხი წელი. თუ ათლეტი, მისი ქვეყნის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს მიერ დანიშნული კურსის გავლას დათანხმდება, სასჯელი ერთ თვემდე მცირდება.

ცნობისათვის, 1996 წლის შემდეგ, ამერიკელ ქალ სპრინტერს ოლიმპიური ოქრო არ მოუპოვებია. ბოლოს ეს გეილ დევერსმა შეძლო. რიჩარდსონს იმის რეალური უნარი აქვს, რომ ყველაზე პრესტიჟულ დისტანციაზე ამერიკის გუნდს ოქრო მოუპოვოს. ოღონდ, კიდევ სამი წელი მოუწევს ლოდინი და დაუღალავი ვარჯიში.

0.080489