ტურ დე ფრანსი ალპებს მიადგა. ჯერ სერიოზული ბრძოლა არ ყოფილა, მაგრამ დღევანდელი გორაკებიანი ეტაპის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ლიდერის ყვითელი მაისური ისევ ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა შეინარჩუნა, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, დროზე რბოლაში, მთავარ მეტოქეებთან მოპოვებული უპირატესობა გაანიავა. და გამარჯვების შანსი პრაქტიკულად გადაეწურა ტურის ვიცე ჩემპიონს, სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩს.
მეშვიდე ეტაპი, მიმდინარე ტურზე ყველაზე გრძელია - მისი მარშრუტის სიგრძე 249 კილომეტრი იყო. და ის კიდევ ერთი სლოვენიელის, მატეი მოჰორიჩის (ბაჰრეინ-ვიქტორიოუს) გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელი ეტაპის შემდეგ, მეორე ადგილზე ბელგიელმა ვარსკვლავმა ვუტ ვან აერტმა (ჯუმბო-ვისმა) გადაინაცვლა, ვინც რბოლის ფავორიტებს შორის დაბრუნდა და ახლა მას პოგაჩარის (UAE ტიმ ემირატსი) ყველაზე სახიფათო მეტოქედ მოიაზრებენ.
მოჰორიჩი იმ ჯგუფში იყო, რომელმაც რბოლის დაწყებიდან 50 კილომეტრის შემდეგ შეძლო პელოტონის ჩამოტოვება. ფინიშის სიახლოვეს კი, რთული აღმართი გამოიყენა და სოლო რეიდით, ეულად გადაკვეთა ხაზი. ვან დერ პოელი (ალპესინ-ფენიქსი) მას წუთით და 40 წამით ჩამორჩა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პირველ ალპირ ეტაპზეც, ყვითელი მაისურით იასპარეზოს. ის ახლა ვან აერტს 30 წამს უგებს.
„ეს იყო 250-კილომეტრიანი რბოლა სრული სვლით. მართლა ძალიან სწრაფი რბოლა იყო. ყველაფერი ვიღონე ამ მაისურის შესანარჩუნებლად და მოხარული ვარ, რომ ეს შევძელი“, - განაცხადა ვან დერ პოელმა.
პოგაჩარი დაწინურებულთა ჯგუფს ჩამორჩა და მისმა გუნდმაც მეტისმეტად გვიან სცადა დანაკარგის შემცირება. საბოლოოდ, ჩემპიონმა ხუთ წუთზე მეტი დაკარგა და საერთო კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა ის ლიდერს 3 წუთით და 43 წამით ჩამორჩება.
რაც შეეხება როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა), მას აღმართზე გაუჭირდა. ფინიშს მიაღწია, მაგრამ ცხრა წუთი დაკარგა, რაც მეტისმეტად ბევრია იმ მრბოლისთვის, ვისაც ტურის ჩემპიონობა სურს. დიდი ალბათობით, ის გუნდის ლიდერობას დათმობს და ვან აერტს გადააბარებს, ვინც დროზე რბოლაშიც ძლიერია.
მოჰორიჩმა, ვისაც უკვე სამივე დიდი ველორბოლის ეტაპები აქვს მოგებული, ამ მოგებით, სამთო მრბოლის კოპლებიანი მაისური მოირგო. სხვათა შორის, ვუელტაზე და ჯიროზე მოგებული ეტაპებიც უგრძესი იყო ამ რბოლების განრიგებში.







