ფეხბურთი

22:55 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური დასასრული - ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ესპანეთმა შვეიცარიის ეროვნული ნაკრები თერთმეტმეტრიანი დარტყმების შემდეგ (3:1) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

აღნიშნული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში "ფურია როხა" მეტოქის ნახევარზე ატარებდა, უტევდა და საუკეთესო ოთხს გუნდს შორის ადგილი ამ გუნდს ეკუთვნოდა. შვეიცარიამ კი პროგრამა მინიმუმი შეასრულა, მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანა, თუმცა ვლადიმირ პეტკოვიჩის ფეხბურთელებმა ისე უნაკლოდ ვერ შეასრულეს დარტყმები, როგორც ეს საფრანგეთთან გამოუვიდათ.

რაც შეეხება მატჩი მიმდინარეობას ორივე ტაიმი ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი უპირატესობით ჩაატარა. მერვე წუთზე ესპანელებმა კუთხურიდან მოაწოდეს ბურთი, თუმცა საჯარიმოში ვერავინ ითამაშა და საბოლოოდ საჯარიმოს გარედან კარის მიმართულებით ჟორდი ალბამ დაარტყა - დენის ზაკარიამ კი ბურთის მოგერიება სცადა, თუმცა საკუთარ კარში ჩაჭრა და ავტოგოლი მიითვალა. მე-17 წუთზე ესპანეთმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც კოკემ შეასრულა, თუმცა ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. პირველი ტაიმი ესპანეთის დომინირებით მიდიოდა, თუმცა ასპილიკუეტას დარტმის გარდა, კარისკენ ბურთი "ფურია როხამ" ვერ გაუშვა.

მეორე ტაიმში შვეიცარია ცოტათი გამოცოცხლდა და რამდენიმე მომენტი შექმნა, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა. 56-ე წუთზე რიკარდო როდრიგესმა კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, რომელზეც მეორე სართულზე დენის ზაკარიამ ითამაშა, თუმცა მისი დარტყმული მცირე მანძილით აცდა კარს. 64-ე წუთზე შვეიცარიელებს ჰქოდათ გოლის გატანის შანსი - შეცვლაზე შემოსულმა ვარგასმა საჯარიმოში ბურთი ცუბერს შეუყოლა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და ესპანელთა მეკარემ მოიგერია ბურთი. 68-ე წუთზე ესპანელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, პაუ ტორესმა და ემერიკ ლაპორტმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და ბურთი რემო ფროილერს მიუვიდა, რომელმაც გადაცემა მარტოდ დარჩენილ შაქირის გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა.

77-ე წუთზე შვეიცარია კაცნაკლული დარჩა, რადგან ფროილერმა მორენოს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ წესით ესპანეთს ზეწოლა უნდა გაეძლიერებინა და მეორე გოლი გაეტანა, თუმცა საბოლოოდ ეს ვერ მოახერხა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 90 წუთის განმავლობაში ორივე გუნდმა კარისკენ ზუსტად ოთხჯერ დაარტყეს, საიდანაც ორი გოლი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთს ბურთის ფლობის უპირატესობა ჰქონდა და უტევდა, თამაშს სათანადოდ მაინც ვერ ამწვავებდა.

დამატებითი დროის მეორე წუთზე ჟორდი ალბამ ფლანგიდან საჯარიმოში ხერარდ მორენოს გადაცემა გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკნელმა აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. მე-11 წუთზე კი მორენომ კვლავ დაარტყა, თუმცა ზომერმა საოცარი რეაგირება მოახდინა და შვეიცარია გადაარჩინა. მე-13 წუთზე კი ოიარსაბალიმ შორეულ კუთხეში დაურტყა ზომერს, თუმცა მეკარემ კვლავ გადაარჩინა თავისი გუნდი. მთელი დამატებითი დროის განმავლობაში ესპანეთი ეპიზოდებს ქმნიდა, კარშიც ურტყამდა, თუმცა ზომერი მოწოდების სიმაღლეზე იყო, რაც შეეხება შვეიცარიას, ეს გუნდი მთლიანად დაცვაში ჩაჯდა და საბოლოოდ საქმე სასურველ, პენალტების სერიამდე მიიყვანა. თერთმეტმეტრიანები კი ზუსტად უფრო ესპანელებმა შეასრულეს. ოთხიდან სამი შვეიცარიამ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ესპანეთმა 3:1 გაიმარჯვა.

ამრიგად ესპანეთი ნახევარფინალშია და მისი მეტოქე ბელგიას და იტალიას შორის საუკეთესო იქნება.

შვეცარია - ესპანეთი 1:1 პენ 1:3 (0:1)

სანკტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“

შვეიცარია (3-4-2-1): ზომერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ცუბერი (ფასნახტი 90+2), ფრეულერი, ზაკარია (შერი 101), ვიდმერი (მბაბუ 100), ემბოლო (ვარგასი 23), შაქირი (სოუ 81), სეფეროვიჩი (გავრანოვიჩი 82)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, ლაპორტი, პ. ტორესი (ალკანტარა 113), ალბა, კოკე (ლიორენტე 90+1), ბუსკეტსი, პედრი (როდრი 119), ფ. ტორესი (ოიარსაბალი 91), სარაბია (ოლმო 46), მორატა (მორენო 54)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ავტოგოლი, ზაკარია (8), 1:1 შაქირი (68)

გაფრთხილება: ვიდმერი (67), გავრანოვიჩი (120+1) - ლაპორტი (90+3)

გაძევება: ფროილერი (77)

თერთმეტმეტრიანების სერია: 0:0 ბუსკეტსი (მეკარე), 1:0 გავრანოვიჩი, 1:1 ოლმო, 1:1 შერი (მეკარე), 1:1 როდრი (მეკარე), 1:1 აკანჯი (მეკარე), 1:2 მორენო, 1:2 ვარგასი (მეკარე), 1:3 ოიარსაბალი

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 27 (10) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 9:13 თამაშგარე: 4:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): უნაი სიმონი (ესპანეთი)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

თეგებიევრო 2020
0.175759