ფეხბურთი

22:37 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვის შედევრით და ჯოვინოს გოლით "დინამო ბათუმმა" "დინამო თბილისთან" მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და ძალიან საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და კახა ცხადაძის გუნდი დაწინაურდა კიდეც. მე-17 წუთზე ზორან მარუშიჩმა მოახერხა ანგარიშის გახსნა, რომელმაც გაგი მარგველაშვილი მარტივად მოატყუა. ბათუმელებმა მომენტები კიდევ შექმნეს, მაგრამ ლაზარე კუპატაძე შესანიშნავად თამაშობდა. არაფერი დაეწუნებოდა როინ კვასხვაძის მოქმედებებსაც, რომელმაც ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

მეორე ტაიმშიც იყო საგოლე მომენტები, მაგრამ „დინამო თბილისი“ ამჯერად კარის ჩარჩოში ზუსტად ვეღარ ურტყამდა, რამდენჯერმე ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. ბათუმელებს კი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ და 78-ე წუთზე გაათანაბრეს.

ირაკლი აზაროვმა ფანტასტიკურად დაარტყა და მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა. 89-ე წუთზე ასევე შორი მანძილიდან თორნიკე გაფრინდაშვილმა გაისროლა და ბურთი კარის ძელს მოხვდა. ამის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გუნდმა მაინც მოიგო. ბოლო წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა თავით დალაშქრა მასპინძელთა კარი. ბრაზილიელმა შემტევმა ბათუმში დაბრუნების შემდეგ პირველად იხეირა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა.

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ეს გუნდები მესამედ შეხვდნენ და სამივე თამაში „დინამო ბათუმმა“ მოიგო. მიუხედავად ამისა, ზღვისპირელთა უპირატესობა კონკურენტთან მხოლოდ 2 ქულას შეადგენს და ზაფხულის შესვენებას, რომელიც 5 კვირა გაგრძელდება, ლიდერის პოზიციაზე გაატარებს.

„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 მარუშიჩი (17), 1:1 აზაროვი (78), 1:2 ჯოვინო (90)

0.124883