მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთ დროს ძლევამოსილ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებთან ინგლისის გამარჯვებამ გაახარა და ემოციებში ჩააგდო სრულიად ბრიტთა კუნძული. ამ თამაშზე საკუთარ აზრებს ის ხალხიც კი გამოთქვამს, რომლებიც აქამდე ირწმუნებოდნენ, ფეხბურთს რაგბი და კრიკეტი გვირჩევნიაო.
საერთო ტენდენციას ცხადია არ ჩამორჩა ვეტერანი ინგლისელი შემტევის, პიტერ კრაუჩის მოდელი და კაპარჩხანა ცოლი, აბიგაილ (ები) კლენსი, რომელიც ფეხბურთის მოტრფიალედ თავს ჯერ კიდევ მაშინ რაცხდა, როდესაც აყლაყუდა კრაუჩს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების თეთრი მაისური ემოსა.
ები კლენსი საკუთარ “ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან ინგლისელთა გამარჯვება მისთვის დიდი სურპრიზი იყო და ხანდახან ფეხბურთში სასწაულებიც ხდება. ამ ქალს ინგლისის ნაკრები ადრე ხშირად გაუკრიტიკებია (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ქმარი ნაკრებში აღარ გახლდათ) და ახლანდელი ირონიული გაოცებაც იმ ძველი წარმოდგენებიდან უნდა იყოს...