ავტოსპორტი

3:18 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტოიოტას“ ოჟიეს ნახევარი სეზონით დატოვება სურს

„ტოიოტას“ საქარხნო გუნდის შეფი, წარსულში ცნობილი რალის მრბოლი, ფინელი იარი-მატი ლატვალა ამბობს, რომ შესაძლოა, მისმა გუნდმა ნახევარი სეზონით გაუგრძელოს კონტრაქტი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ოჟიეს (ფოტოზე).

ოჟიე თავისი სპორტული კარიერის დასრულებას გასული სეზონის ბოლოს აპირებდა, რომელშიც მეშვიდე ტიტული მოიპოვა. მაგრამ კორონავირუსის გამო, ის სეზონი ძალიან დამოკლდა. ამიტომ, მან წასვლა გადადო. თუმცა ლატვალას სურს, რომ ოჟიე მომავალ სეზონში დარჩენაზე დაითანხმოს.

„არის იმის ალბათობა, რომ ოჟიე გამოსვლას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს. თუმცა ამის შანსი მცირეა. ვფიქრობ, ოჟიე დაახლოებით ისე ფიქრობს, როგორც ლოები. მას რაღაც ახლის ცდა სურს. ჩვენ ის უკვე ვნახეთ პორშე კარერას თასზე და ფორმულა 1-ის მანქანის საჭესთან. შესაძლოა, მომავალ სეზონში, რომელიმე სერიაში გამოსვლასაც გეგმავს“, - ყვება ლატვალა.

ფინელი, ვისაც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე 18 რბოლა აქვს მოგებული, ფიქრობს, რომ ოჟიე შესაძლოა „ტოიოტაში“ ნახევარი სეზონით დარჩენაზე დათანხმდეს. „ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და აშკარაა, რომ მას სრულ ჩემპიონატში ასპარეზობის სურვილი არ აქვს. ასეთ ვარიანტს სრულად მაინც არ გამოვრიცხავ. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ მონაწილეობაზე ვლაპარაკობთ. გუნდი ოჟიეთი დაინტერესებულია და ამიტომ ვეცდებით, ის თუნდაც ნახევარ სეზონზე დავითტანხმოთ. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომავალი სეზონის კალენდარი უნდა ვნახოთ“, - დასძენს ლატვალა.

თუ ოჟიე დარჩა, იმ რბოლებში, რომლებსაც ის გამოტოვებს, მისი მანქანით ფინელი ესაპეკა ლაპი იასპარეზებს, ვინც ადრე „ტოიოტას“ წევრი იყო, მაგრამ შემდეგ გუნდში ადგილი დაკარგა და დაბალ კატეგორიაში, WRC 2-ში გადავიდა. დიდი ალბათობით, „ტოიოტაში“ დარჩებიან უელსელი ელფინ ევანსი, ფინელი კალე როვანპერა და იაპონელი ტაკამოტო კაცუტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109985