გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ინგლისთან (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ასეთ მატჩებში საგოლე მომენტების მაქსიმალურად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი იმედგაცრუებაა, რადგან იმედი გვქონდა, რომ ტურნირში უფრო მეტს მივაღწევდით და გუნდის რწმენა მაღალი იყო. ასეთ მატჩებში რამდენიმე შანსი, რომელიც მოგეცემა, უნდა გამოიყენო. სამწუხაროდ, ტიმო ვერნერმა და ტომას მიულერმა ეს ვერ გააკეთეს და ვერ გაიტანეს. სამწუხაროა, რომ გავვარდით. ამ გუნდის ფეხბურთელების უმეტესობა პიკზე ევრო 2024-ზე იქნება, ისინი უფრო მოწიფულნი, გამოცდილები და სასტიკები იქნებიან“, - თქვა ლიოვმა.
შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან ავარჯიშებდა და ეს მისი ბოლო თამაში იყო „ბუნდესნაკრებში“. 2014 წელს მასთან ერთად გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.