ტურ დე ფრანსის მესამე ეტაპზე კიდევ რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომლებშიც ფავორიტები, პრიმოჟ როგლიჩი, გერეინ თომასი და მოქმედი ჩემპიონი ტადეი პოგაჩარი იყვნენ გარეული. სამივე დაშავდა, თუმცა მათ რბოლის გაგრძელება შეძლეს. გამარჯვება კი ბელგიელმა ტიმ მერლიემ მოიპოვა.
რბოლის მიწურულს დაფას შეეჯახა და დაეცა ეტაპის ავსტრალიელი ფავორიტი ქეილებ ევანი (ლოტო სუდალი), რომელიც მარჯვენა იდაყვის ტრავმის გამო, მოგვიანებით რბოლიდანაც მოიხსნა. არადა, ის სპრინტერულ ეტაპებზე, გამარჯვებების მოპოვების რეალური კანდიდატი იყო.
როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა), ვინც შარშან ტურ დე ფრანსი მეორე ადგილზე დაასრულა, მერლიესთან (ალპესინ-ფენიქსი) წუთი და 21 წამი წააგო და თითქმის წუთით ჩამორჩა პოგაჩარს (UAE ტიმ ემირატსი). ლიდერის ყვითელი მაისური კი ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა შეინარჩუნა.
ფინიშს პოგაჩარის ჯგუფთან ერთად მიაღწია თომასმა (ინეოს გრენადერსი), ვინც სტარტიდან 37 კილომეტრის შემდეგ, სველ გზაზე დაეცა და მხარი დაიშავა. თუმცა გზის გაგრძელება მოახერხა. „ინეოს გრენადერსის“ სპორტულმა დირექტორმა გაბრიელ რაშმა განაცხადა, რომ თომასს ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდება და რბოლაში მისი დარჩენის საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.
რაც შეეხება როგლიჩს, ის ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე დაეცა. მას კუდუსუნს ძვალი სტკივა და მასზე სკანირება ჩაუტარდება. გარდა ამისა, სლოვენიელს მარცხენა ფეხის და მხრის დაჟეჟილობაც აქვს.
ვან დერ პოელი ისევ 8 წამს უგებს ჟულინ ალაფილიპს (დესონინკ-ქვიკ-სტეპი). მესამე ადგილზე კი ჯიროს 2019 წლის ჩემპიონი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასია (ინეოს გრენადერსი), ვისაც ლიდერთან 31 წამი აშორებს. პოგაჩარი მეექვსეზეა (39-წამიანი ჩამრჩენით), თომასი ლიდრთან წუთსა და 7 წამს აგებს, როგლიჩი კი უელსელს 28 წამით ჩამორჩება.