სხვა

0:05 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაკლაფლინის რეკორდი და ლაილსის გამარჯვება

შტატ ორეგონის ქალაქ იუჯინში, ამერიკელ მძლეოსანთა ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი დასრულდა, რომელზეც კვირას მსოფლიო რეკორდი დამყარდა. სიდნი მაკლაფლინმა 400 მეტრზე თარჯრბენში 51.90 წამი დააფიქსირა, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. მსოფლიო ჩემპიონმა ნოა ლაილსმა კი 200 მეტრზე სპრინტში ფინიშს 19.74 წამში მიაღწია და ტოკიოს საგზურს დაეუფლა.

21 წლის მაკლაფლინმა მალევე შეძლო დაწინაურება და მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონთან, 31 წლის დალილა მუჰამადთან პაექრობაში გაიმარჯვა. მუჰამადმა ფინიშის ხაზი 52.42 წამში გადალახა. წინა რეკორდი - 52.16 სწორედ მას ეკუთვნოდა.

„ვფიქრობ, დიდი კონკურენცია ყოველთვის კარგი შედეგების მიღწევაში გეხმარება. ძალიან ნაყოფიერი ვარჯიში მქონდა. და მისი შედეგი დღეს გამოჩნდა. უკვე ვღელავ იმაზე, რაც მომავალში გველის“, - განაცხადა მაკლაფლინმა.

ლაილსისთვის 200 მეტრზე ფინალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან 100 მეტრზე ტოკიოს საგზურის მოპოვება ვერ შეძლო და ამჯერადაც რომ სამეულის მიღმა დარჩენილიყო, ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებში მონაწილეობას ვერ შეძლებდა.

ლაილსთან ერთად, ტოკიოში გამგზავრების უფლება, 22 წლის კენი ბედნარეკმა და 17 წლის ერიონ ნაითონმაც მოიპოვეს, რომლებმაც ფინალში შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში მისივე პირადი რეკორდი - 19.88 წამი (რომლითაც 20-წლამდელებს შორის, უსაინ ბოლტის რეკორდი მოხსნა) 0.04 წამით გააუმჯობესა.

გაუსაძლისი სიცხის გამო - დღისით ტემპერატურა ცელსიუსით 44 გრადუსს აღწევდა, შეჯიბრის უმეტესი ნაწილი საღამო ხანს ჩატარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.190283