სხვა

1:05 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაითონმა ბოლტის კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესა
ჰოლოვეის მსოფლიო რეკორდამდე ცოტა დააკლდა

ამერიკელ მძლეოსანთა ოლიმპიური გუნდის შესარჩევ ტურნირზე, რომელსაც ქალაქი იუჯინი (შტატი ორეგონი) მასპინძლობს, 110 მეტრზე თარჯრბენში კინაღამ მსოფლიო რეკორდი დამყარდა.

მსოფლიო ჩემპიონმა გრანტ ჰოლოვეიმ ფინალში 12.96 წამი დააფიქსირა, ნახევარფინალში კი თანამემამულე არის მერიტის მიერ 2012 წელს დამყარებულ რეკორდამდე (12.80 წამი) 0.01 წამი დააკლდა.

„ბევრი ამბობდა, რომ 12.9 წამში გარბენას ვეღარასდროს შევძლებდი, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიო რეკორდც შემიძლია“, - განაცხადა ჰოლოვეიმ, ვისთან ერთადაც, ტოკიოში ასპარეზობის უფლება დევონ ალენმა და დანიელ რობერტსმაც მოიპოვეს.

ქალთა შორის 200 მეტრზე სპრინტში, გაბი თომასმა ფინიშს 21.61 წამში მიაღწია, რაც ყველა დროის მესამე საუკეთესო და ბოლო სამ ათწლეულში საუკეთესო შედეგია. ამაზე უკეთესი ორი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ ფლორენს გრიფიტ-ჯოინერს ეკუთვნის.

24 წლის თომასისთვის, ტოკიოს თამაშები პირველი ოლიმპიადაა. იქ მასთან ერთად, ჯენა პრანდინი და ანავია ბეტლი იასპარეზებენ. საგზურის გარეშე დარჩა ექვსი ოლიმპიური ოქროს მფლობელი ელისონ ფელიქსი, ვინც ტოკიოში მხოლოდ 400 მეტრზე სპრინტში გამოვა.

მამაკაცთა შორის 400 მეტრზე ტარჯრბენშიც, კინაღამ მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ფინალი 23 წლის რეი ბენჯამენმა 46.83 წამით მოიგო, რაც ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია. მსოფლიო რეკორდამდე მას 0.05 წამი დააკლდა.

უროს ტყორცნაში ამერიკის რეკორდით გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონმა დეანა პრაისმა, ვინც ურო 80.31 მეტრზე გაისროლა. ამაზე შორს ურო მხოლოდ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, პოლონელ ანიტა ვლოდარჩიკს აქვს გატყორცნილი.

ჭოკით ხტომაში კეტი ნაგეოტე 4.95 მეტრზე გადახტა, რაც სეზონში მსოფლიოს საუკეთესო შედეგია. ქალთა შორის ამაზე მაღლა, მხოლოდ ორი ათლეტია გადამხტარი.

რაც შეეხება ლეგენდარული უსაინ ბოლტის რეკორდს, ლაპარაკია იმ შედეგზე, რომელიც იამაიკელს 20-წლამდელთა შორის ეკუთვნოდა. 17 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ერიონ ნაითონმა 200 მეტრზე სპრინტის ნახევარფინალში, 19.88 წამი დააფიქსირა და ბოლტის რეკორდის გარდა, საკუთარი კარიერის საუკეთესო შედეგიცაა. მეორე საუკეთესო შედეგი კენი ბედნარეკს ჰქონდა (19.90), მესამე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნოა ლაილსი (19.91) იყო. საგზურების მფლობელები ფინალში გამოვლინდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121899