ტურ დე ფრანსის მეორე ეტაპის შემდეგ, ლიდერი შეიცვალა. მსოფლიო ჩემპიონ ჟულიან ალაფილიპს ყვითელი მაისური ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა ჩამოართვა. ამით 26 წლის ველომრბოლმა, ვინც ფრანგულ მარათონზე პირველად ასპარეზობს, თავისი სახელოვან ბაბუის, რაიმონ პულიდორის ოცნება აასრულა.
ვან დერ პოელმა (ალპესინ-ფენიქსი) ფინიშამდე 700 მეტრით ადრე, ტემპი მკვეთრად გაზარდა და პელოტონი ჩამოიტოვა. მდევრებმა, რომლებსაც სათავეში მოქმედი ჩემპიონი ტადეი პოგაჩარი (UAE ტიმ ემირატსი) და ვიცე ჩემპიონი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) ედგნენ, დაწევა ვერაფრით შეძლო. სლოვენიელები მას 6-6 წამით ჩამორჩნენ, პელოტონმა და მასთან ერთად ალაფილიპმა კი 8 წამი დათმო.
„ძალიან ცუდია, რომ პულიდორი (2019 წელს, 83 წლისა გარდაიცვალა) ამას ვერ დაინახავს, მაგრამ ამას მე ვერ შევცვლი. არადა კარგი იქნებოდა, ფოტო გადაგვეღო, რომელზეც მე და ის ყვითელი მაისურით ვიქნებოდით“, - განაცხადა ვან დერ პოელმა, ვინც დამატებითი 8 ბონუს წამი, მურ დე ბრეტანზე ორი ასვლიდან, ერთის მოგების გამო დაიმსახურა. სწორედ ამ ბონუსის უპირატესობა აქვს მას ალაფილიპთან კლასიფიკაციაში.
ცნობისათვის, რაიმონ პულიდორს ტურზე შვიდი ეტაპი აქვს მოგებული და საბოლოოდ კვარცხლბეკზე რვაჯერ ავიდა. მაგრამ ლიდერის ყვითელი მაისური ერთხელაც არ სცმია.
ვან დერ პოელი სწორედ პირველ ორ ეტაპზე ამყარებდა იმედს, რადგან ორივე მის სტილს შეეფერება. მაგრამ პირველზე ალაფილიპმა შანსი არავის დაუტოვა. მურ დე ბრეტანზე (მანძილი 2 კმ, დახრა 6.9%) მეორე ასვლამ, ჰოლანდიელს ნანატრი გამარჯვება მოაპოვებინა.