ჩოგბურთი

22:27 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ ითამაშებს

სერენა უილიამსი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს. ამერიკელ ჩოგბურთელს ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია. მისი მტავარი მიზანი, დიდი სლემის ტურნირების 24-ე ტიტულის მოპოვებაა, რისი რეალური შანსიც უიმბლდონზე ექნება.

სერენას, ვისაც სექტემბერში 40 წელი შეუსრულდება, ერთეულებში ოლიმპიური ოქროს მედალი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე აქვს მოპოვებული. თვის უფროს დასთან, ვენუსთან ერთად კი წყვილებში სამი ოქრო - სიდნეიში 2000, პეკინში 2008 წელს და ლონდონში მოიპოვა.

„დიახ, ოლიმპიურ სიაში არ ვარ. ამიტომ... რახან ასეა, მე იქ არ უნდა ვიყო“, - უიმბლდონის დაწყებამდე გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა უილიამსმა.

უილიამსის გარდა, ტოკიოში არც ესპანელი რაფაელ ნადალი და ავსტრიელი დომინიკ თიმი ითამაშებენ. როჯერ ფედერერმა კი განაცხადა, რომ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უიმბლდონის შემდეგ მიიღებს.

ფედერერს 40 წელი აგვისტოში შეუსრულდება და ის არ მალავს, რომ ტოკიოში თამაშის სურვილი აქვს. შვეიცარიელს ადრე ნათქვამი აქვს, რომ ტურნირებზე მისი თამაში იმაზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა ოჯახთან ურთიერთობის საშუალება. ტოკიოში კი პანდემიის გამო, ისეთი შეზღუდვებია, რომ ფედერერს ოჯახთან დიდი ხნით განშორება მოუწევს.

შესაძლოა, იგივე მიზეზია სერენას შემთხვევაშიც, ვისაც თავისი 4 წლის შვილის, ალექსის ოლიმპიას შინ დატოვება არ სურს. თუმცა თავად მაინც მიზეზს არ აკონკრეტებს:

„ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ამაზე ლაპარაკი არ მსურს. შესაძლოა სხვა დროს ვილაპარაკო. ოლიმპიადაზე თამაში ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო. ახლა კი ამაზე ფიქრი არ მსურს“.

სერენას უიმბლდონზე შვიდი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ამასთან, ბოლო ოთხ უიმბლდონზე ფინალში ითამაშა. ამჯერადაც ფავორიტებს შორისაა. მითუმეტეს, რამდენიმე ძლიერი ჩოგბურთელი (მათ შორის ნაომი ოსაკა და მოქმედი ჩემპიონი სიმონა ჰალეპი, შესაბამისად, მსოფლიოს მეორე და მესამე ჩოგნები) ვერ ითამაშებს.

0.123003