„რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა ავსტრიის შპილბერგში, შტირიის დიდი პრიზი მოიგო და ლუის ჰამილტონთან უპირატესობა (12-დან) 18 ქულამდე გაზარდა. მსოფლიო ჩემპიონი ისევ მეორე ადგილს დასჯერდა და ბოლო წრეზე დაფიქსირებული უსწრაფესი წრის წყალობით, ერთი ბონუს ქულაც მოიპოვა.
ფერსტაპენი რბოლას სტარტიდანვე დამაჯერებლად ლიდერობდა და მის პირველობას საფრთხე ერთხელაც არ შექმნია. რბოლის მიწურულს, როცა მასაც და ჰამილტონსაც საბურავები გაცვეთილი ჰქონდათ, ჰოლანდიელი სულ უფრო ზრდიდა უპირატესობას. „მერსედესს“ ტაქტიკური ბრძოლის შანსიც აღარ ჰქონდა. ამიტომ, ბოლოსწინა წრეზე თავის ლიდრს საბურავი შეუცვალა, რითაც უსწრაფესი წრის ბონუსის მოპოვებაში შეუწყო ხელი.
„წინსწარ ვერასდროს იტყვი, რბოლას რით დაამთავრებ, მაგრამ დასაწყისიდანვე კარგ ბალანსს ვგრძნობდი. კარგი განწყობა გვქვს. ერთ კვირაში აქ ისევ რბოლა გვაქვს და ვეცდებით, უფრო უკეთესად მოვემზადოთ“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მე-14, მიმდინარე სეზონში კი მეოთხე გამარჯვებაა.
„მთელი რბოლა ეულად გავიარე. ვეცადე, მაქსთან ახლოს ვყოფილიყავი, მაგრამ მათ რაღაც გააუმჯობესეს და შეუძლებელი იყო მათ ტემპში რბოლა. ჩვენმა გუნდმა ქულების დაგროვება შეძლო. შემდეგ რებოლებში უკეთესი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ. ისინი (რედ ბული) ძალიან სწრაფები არიან და ჩემზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. უბრალოდ ვეცდები, რაც შეიძლება საუკეთესო შედეგებისთვის ვიბრძოლო“, - განაცხადა ჰამილტონმა.
ჩემპიონს ამინდის იმედი ჰქონდა. წვიმა მის შანსებს გაზრდიდა. გუნდის შეფი ტოტო ვოლფიც სტარტამდე იმედს აძლევდა, რომ რბოლისას წვიმის 60-პროცენტიანი შანსი არსებობდა. მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე ციდან ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა.
კვარცხლბეკზე მესამე საფეხური „მერსედესის“ ვალტერი ბოტასმა დაიკავა, ვისაც ბოლო წრეზე „რედ ბულის“ სერხიო პერესი წამოეწია, ვინც მეორე პიტ სტოპის შემდეგ, ახალი საბურავებით აგრძელებდა რბოლას და ფინლს წრეზე წამზე მეტს უგებდა. მაგრამ მექსიკელმა გასწრება ვეღარ მოახერხა. პერესი პირველ პიტ სტოპზე ჩვეულებრივზე დიდხანს დააყოვნეს, რაც საბოლოოდ, მესამე ადგილის დაკარგვად დაუჯდა.
რბოლა შესანიშნავად დაიწყო ჯორჯ რასელმა, ვინც ერთ მომენტში მეშვიდე ადგილზე იმყოფებოდა. მაგრამ ახალგაზრდა ბრიტანელს, სეზონში პირველი ქულების მოპოვების საშუალება, მწყობრიდან გამოსულმა ძრავმა არ მისცა.
თავის გამოიჩინა შარლ ლეკლერმაც, ვისაც პირველ წრეზე ინციდენტი შეემთხვა პიერ გასლისთან და მანქანის ცხვირის გამოსაცვლელად, პირველი წრის ბოლოს, ბოქსებში შესვლამ მოუწია. ამან პელოტონის კუდში გადააგდო, მაგრამ რბოლა მეშვიდემ დაასრულა.
შტირიის დიდი პრიზი
შპილბერგი, დისტანცია 306.452 კმ (4.318 კმ, 71 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:22'18.925
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 35.743
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 46.907
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 47.434
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1 წრე
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1 წრე
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3 წრე
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3 წრე
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 35 წრე
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 70 წრე
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:07.058 (71-ე წრე, 231.811 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 156 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 138; 3. სერხიო პერესი - 96; 4. ლანდო ნორისი - 86; 5. ვალტერი ბოტასი - 74; 6. შარლ ლეკლერი - 58; 7. კარლოს საინსი - 50; 8. პიერ გასლი - 37; 9. დანიელ რიკარდო - 34; 10. სებასტიან ფეტელი - 30; 11. ფერნანდო ალონსო - 19; 12. ლანს სტროლი - 14; 13. ესტებან ოკონი - 12; 14. იუკი ცუნოდა - 9; 15-16. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 1; 17-20. ჯორჯ რასელი, ნიკოლას ლატიფი, მიკ შუმახერი და ნიკიტა მაზეპინი - 0
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბულ-ჰონდა - 252 ქულა; 2. მერსედესი - 212; 3. მაკლარენ-მერსედესი - 120; 4. ფერარი - 108; 5. ალფატაური-ჰონდა - 46; 6. ასტონ მარტინ-მერსედესი - 44; 7. ალპინ-რენო - 31; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9-10. უილიამსი და ჰაასი - 0