ფეხბურთი

15:09 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რა აკლია ინგლისს?

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე მერვედფინალები დაიწყო, დაიწერა ლამის ყველა (მათ შორის უკვე გავარდნილი) გუნდის გამოყენებულ თუ განიავებულ შანსებზე, ერთად გავაცილეთ საფეხბურთო “მოუსავლეთში“ რუსეთის ნაკრები, ერთად ვტკბებოდით იტალიის სიდინჯითა და თვითრწმენით, ბელგიის ნაკრების ცოტა ცანცარული, მაგრამ ჭეშმარიტად თვალსაამო გარჯით, უნგრელთა შეუპოვრობით, დანიელების გუნდურობით, ფრანგების ვერზილა ძალით, ჰოლანდიის ლაღი ქარაფშუტობით, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი სიბეჩავით და მაინც ბოლომდე გაურკვეველია რა გუნდია ინგლისის ნაკრები, რა უნდა, რაზე ოცნებობს და რას უნდა ელოდოს მისგან ქომაგი.

აქ არც სტერლინგის მიერ ვერგატანილ გოლებზე ვილაპარაკებთ და არც ინგლისელთათვის ესოდენ უცნაურ და არადამახასიათებლად დუნე ფლანგების კრულვით დავკავდებით. იმასაც ნაკლებად ექნება აზრი, თუ ჩვენ რას ვფიქრობთ გარეთ საუთგეიტზე, რომელიც ჩემი სიყმაწვილის დროს ჭეშმარიტად მაგარი, უნარიანი და ცოტა ჯაჯგურა ფეხბურთელი იყო, რომლის გამწვრთნელებას სრულიად ბრიტანეთი დიდი იმედებით შეხვდა და ფაქტია, რომ ეს იმედები ჯერ არსად გამქრალა.

ინგლისის ნაკრები ჰგავს მოკრივეს, რომელიც სულ ემზადება, სულ გაწამაწიაშია, მუდმივად ელიან მისგან დიდ შერკინებებში თავის გამოჩენას, მაგრამ ორთაბრძოლებიდან (რომც გაიმარჯვოს) მაინც მუდმივად დასისხლიანებული გამოდის, სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ არასოდეს ანაწილებს ძალებს სათანადოდ და სწორედ ამიტომაც, ფინალში და მნიშვნელოვან შერკინებაში მონაწილეობა ლამის საუკუნოვან ოცნებად აქვს ქცეული.

ჭეშმარიტად დასაფასებელია ინგლისელთა მიერ ფეირ-პლეის პრინციპის განუხრელად დაცვა, როდესაც ჯგუფური ეტაპის სულ ბოლო შეხვედრაში ბრიტანელებმა არ დაიწყეს “მაიმუნობა“, უარი თქვეს მარტივად “ფრის გაგორებაზე“, არ დაუტოვეს სათქმელი ჩასაფრებულ ხალხს. ამგვარად ინგლისელები გავიდნენ ჯგუფის პირველ ადგილზე, გადაენასკვნენ ავადსახსენებელ “სიკვდილის ჯგუფს“ და ამით ძალიან გაირთულეს ისედაც არამდგრადი მდგომარეობა. რომ ვამბობ “დასაფასებელია ინგლისელთა საქციელიო“, ამ სიტყვებში ვარ სრულიად გულრწფელი როგორც ფეხბურთის ერთი ქომაგი და ადამიანი, ვისაც სხვა მილიონობით გულშემატკივრის მსგავსად ჯერ კიდევ სჯერა ფეხბურთში ღირსების რაინდობისა და წესების დაცვის არსებობის. მაგრამ, სჭირდებოდა კი ტიტულებს დანატრებულ ფეხბურთის სამშობლოს ეს უცნაური “რაინდობა“, როცა შეეძლო გასულიყო ჯგუფში მეორე ადგილზე, შეხვდებოდა ბევრად სუსტ მეტოქეს და ტურნირში წინ წაწევის მეტი შანსიც ექნებოდა?!...

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ინგლისი უშანსოდაა და არ შეუძლია მერვედფინალის გავლა. არც იმის მტკიცება მიგვაჩნია სწორად, რომ მეორეადგილოსნის პოზიციიდან შემდეგ ეტაპზე გასვლა ინგლისელ ფეხბურთელებს ცხოვრებას აუცილებლად გაუადვილებდა. მაგრამ ისტორიული მეხსიერება უცნაური რამეა და ის გვაჩვენებს, რომ სტატისტიკა და ბოლოს და ბოლოს ლოგიკა მუდმივად მათ მხარესაა, რომლებიც თვლიან, ანგარიშობენ, ბჭობენ, ძალებს ზოგავენ, წინასწარ ჭვრეტენ სავარაუდო მომავალს და არც ცხოვრობენ მხოლოდ იმ რეალობით რასაც საფეხბურთო იღბალი არგუნებთ.

ინგლისელებმა შესანიშნავად იციან “პიარი“, თუნდაც დიდი ვერაფერიშვილი ფეხბურთელების მაგრად წარმოჩენა, ფულის სწორად განაწილება... ზოგადად საფეხბურთო მენეჯმენტში ბრიტანელებს ბადალი არა ჰყავთ, მაგრამ ისევ და ისევ ისტორიამ აჩვენა, რომ ინგლისის ნაკრებს და მის მესვეურებს შორსმჭვრეტელება და პრაგმატიზმი აკლიათ და ამის გამო მოხდა ისე, რომ ევროპის ჩემპიონობა სხვადასხვა დროს სსრკ-ს, საბერძნეთის და დანიის ნაკრებებსაც კი ეღირსათ, რაც ინგლისელთათვის ისევ მიუღწეველ ოცნებად რჩება. დიდ საფეხბურთო კვარცხლბეკზე ასვლა კი ნიჭიერის, უნარიანის და მონდომებულის გარდა, მოხერხებული ხალხის ხვედრიცაა.

0.118151