იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. ის თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და ულამაზესი გოლიც გაიტანა, რითაც „სკუადრა აძურას“ ანგარიშის გახსნაში დაეხმარა.
„ავსტრიამ კარგად ითამაშა და ვულოცავ მათ, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ მეოთხედფინალში გასვლას ვიმსახურებდით. მსგავს ტურნირში თამაშში ჩართვა გვიანი არასდროს არ არის. ჩვენთან არ არის ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ 11 ფეხბურთელი, ასეთი 26 მოთამაშეა და ამჯერადაც დადასტურდა, რომ ერთიანი გუნდი ვართ.
გოლი? დიდი ემოცია იყო. ავსტრია ინტენსიური და აგრესიული გუნდია, მაგრამ ამასთანავე ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს. ამიტომ, გაგვიჭირდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით", - თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 2 ივლისს, მიუნხენში გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ 25 წლის წინ, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე გოლი ფედერიკოს მამამ, ენრიკო კიეზამ გაიტანა და ისინი პირველი მამა-შვილები არიან, რომელთაც ევროფორუმზე გოლი აქვთ გატანილი.