ფეხბურთი

1:58 | 27.06.2021 | ნანახია 1742 - ჯერ

იტალია მიწაზე დაეშვა, მაგრამ მეოთხედფინალშია

იტალიის ნაკრები მიწაზე დაეშვა, მაგრამ ევრო 2020-ის მეოთხედფინალშია. „სკუადრა აძურას“ ალბათ, ძალიან დიდი ხანია ასე მძიმედ არ უთამაშია და არ უნერვიულია. რობერტო მანჩინის გუნდს ავსტრიამ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ძალიან ცოტა დააკლდა დასამარცხებლად.

ეს არ იყო ის იტალია, რაც ჯგუფურ ეტაპზე ვნახეთ. იქნებ, მათთვის უკეთესიც არის, რომ სიტუაცია უფრო რეალურად შეაფასონ. პირველ ტაიმში „სკუადრა აძურა“ უპირატესობას ფლობდა და ავსტრიას შანსი არ მისცა. საგოლე მომენტებიც იყო, მაგრამ ჯერ ნიკოლო ბარელამ მაგარი პოზიციიდან ცუდად დაარტყა და მეკარემ აჯობა, ხოლო შემდეგ ჩირო იმობილეს დარტყმა ძელს მოხვდა.

აი, მეორე ტაიმი ავსტრიის იყო და იტალიას შეტევაში პრაქტიკულად არაფერი შეუქმნია. ავსტრიელებმა გოლიც გაიტანეს, მაგრამ ვიდეორეფერმა გააუქმა, რადგან მისი ავტორი მარკო არნაუტოვიჩი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. საბოლოოდ, ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა.

დამატებითი დრო კი იტალიელებმა კარგად დაიწყეს და ანგარიშიც გახსნეს. მოედანზე საუკეთესო ცალსახად ლეონარდო სპინაცოლა იყო, რომელმაც ფედერიკო კიეზას საგოლე პასი გაუკეთა. შემტევმა მცველი ეფექტურად მოატყუა და უძლიერესი დარტყმით ნანატრი გოლი გაიტანა. პირველი დამატებითი დროის ბოლო წუთზე მანჩინის გუნდმა უპირატესობა გაზარდა. ამჯერად თავი მატეო პესინამ გამოიჩინა, რომელიც კიეზას მსგავსად შეცვლაზე ჩაერთო თამაშში. სხვათა შორის, პესინამ მეორე გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატზე და ის, რომ არა სტეფანო სენსის ტრავმა, თავდაპირველად 26-კაციან განაცხადში არც იყო და პრაქტიკულად აქ შემთხვევით მოხვდა.

თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ ავსტრიამ მეორე დამატებით დროში სიტუაცია დაძაბა. ჯერ იყო ჯანლუიჯი დონარუმას სუპერსეივი და მერე საშა კალაიჯის გოლი, რომელმაც ვითარება გაამწვავა. თუმცა, დარჩენილ მცირე დროში ავსტრიელებმა მეტი ვეღარ შეძლეს და იტალია მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 2 ივლისს, ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

იტალიის ნაკრებს 31 თამაშია არ წაუგია და რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი სერია ისტორიაში პირველად აქვს. ამავდროულად, მოიგო ზედიზედ მე-12 თამაში, რაც ასევე რეკორდია და რობერტო მანჩინის ფორმაციის გუნდის მიერ 2 წლის წინ დაფიქსირებული სერია (11 მოგება) გააუმჯობესა. ამ შეხვედრაში შეწყდა იტალიელთა მშრალი სერია, რომელმაც 1168 წუთი მოიცვა.

იტალია - ავსტრია 2:1 დ.დ (0:0)

ლონდონი. „უემბლი“

იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, აჩერბი, სპინაცოლა; ბარელა (პესინა 67), ჟორჟინიო, ვერატი (ლოკატელი 67); ბერარდი (კიეზა 84), იმობილე (ბელოტი 84), ინსინიე (კრისტანტე 108)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

ავსტრია (4-2-3-1): ბახმანი; ლაინერი (ტრიმელი 114), დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ალაბა; შლაგერი (გრეგორიტჩი 106), გრილიტში; ლაიმერი (ილსანკერი 114)), ზაბიტცერი, ბაუმგარტნერი (შოპფი 90); არნაუტოვიჩი (კალაიჯიჩი 97)

მწვრთნელი: ფრანკო ფოდა

გოლები: 1:0 კიეზა (95), 2:0 პესინა (105), 2:1 კალაიჯიჩი (114)

გაფრთხილება: დი ლორენცო (50), ბარელა (51) - არნაუტოვიჩი (2), ჰინტერეგერი (103), დრაგოვიჩი (120)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (6) – 11 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 4:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ლეონარდო სპინაცოლა (იტალია)

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:05 | 27.06.2021
a_reversi (280)

მიუხედავად იმისა რომ ძალიან გამიხარდება მაინც უნდა ვთქვა რომ ვერ გახდება იტალია ჩემპიონი

15:36 | 27.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძლიერი გუნდია იტალია მოტივირებული შეკრული კარგი მოთამაშეებით. მაგრამ ჩემპიონატის მოსაგებად რამდენადაა საკმარისი ეგ ძნელი სათქმელია

14:47 | 27.06.2021
mjgiri (8951)

თავიდანვე ლოკატელი-ბარელა-ჟორჟინო რომ ყოფილიყო,ძირითადში მოიგებდნენ .ასე მეტად დაბალანსებულია გუნდი.მაგრამ ევროპაზე მოგებისთვის ვერატი-ჟორჟინიოს შეთამაშებაა საჭირო

15:23 | 27.06.2021
maradona73@bianko-nero (645)

მართალი ხარ.
ბერარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი მგონი 0-ის ტოლია და ათამაშოს კიეზა ძირითადში ბევრად ჯობია.

14:43 | 27.06.2021
mjgiri (8951)

არ მჯეროდა მანჩინისი ,მაგრამ იტალია ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობს ..ძალიან დაბალანსებული გუნდია..

13:26 | 27.06.2021
Bachana705 (373)

ერთი ამოტენიდნენ რონალდუ ან ლუკაკუ გემრიელად. მეტის ღირსები არიან ეს ჩათლაშკები.

14:31 | 27.06.2021
იკა..იუვე..10 (4132)

ბოღმა! სამი თამაში დაგატკბოთ ჭეშმარიტი ფეხბურთით მაგრამ მაინც იბოღმებით : ))

14:47 | 27.06.2021
Bachana705 (373)

ბოღმა არაფერ შუაშია. მაგ 3 თამაშამდეც იყვნენ ეგენი ბევრი რამის ღირსი და კიდევ დიდხანს იქნებიან. იმ დროს ნუ მომასწრო კიდევ, მუსოლინის შნირები რომ დამატკბობენ თავის საუკეთესო თამაშით და სხვა ვერავინ. ))

14:47 | 27.06.2021
mjgiri (8951)

სადამდე წახვედი

15:08 | 27.06.2021
maradona73@bianko-nero (645)

მუსოლინის გამო ეჯავრება ეხლა ამას იტალიელები?

0.277307