რაგბი

21:24 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "დარწმუნებული ვარ, სამხრეთ აფრიკასთან ნაკლები შეცდომები გვექნება"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპას ბოლო ტურში თელავში ნიდერლანდებს უმასპინძლა და ადვილად, 48:15 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კომენტარი გააკეთეს.

მაისაშვილის თქმით, თამაშის ხარისხით კმაყოფილი არავინაა, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. შარიქაძემ კი აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკასთან გუნდი უფრო საინტერესო და ხარისხიან თამაშს აჩვენებს.

ლევან მაისაშვილი: „თამაშის ხარისხით არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები კმაყოფილი არ ვართ. ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, განსაკუთრებით ბურთის მოპოვების ფაზაში. გარდა იმისა, რომ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე შეკრების პირველ კვირაში ცალკეულ ჯგუფებად მოგვიწია ვარჯიში და შეთამაშების მხრივ პრობლემები გვქონდა, იყო მეტოქის შეუფასებლობაც. თავიდანვე ვერ შევძელით ქულების მოპოვება, რამაც წნეხში მოგვაქცია და შეცდომებიც ამან გამოიწვია. მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესი სურათი იყო, თუმცა შეუთამაშებლობა მაინც იგრძნობოდა. შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა თამაშის ხარისხით არა. ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ვემზადებით სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის და გვაქვს დრო შეცდომების გასაანალიზებლად და გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ სამხრეთ აფრიკასთან შეცდომები ნაკლები იქნება“.

მერაბ შარიქაძე: „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე, დარწმუნებული ვარ უფრო ხარისხიან და საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ. უთამაშებლობა ყველა გუნდისთვის პრობლემაა, თუმცა სამხრეთ აფრიკა ისეთი დონის გუნდია, რომ შესაძლოა ეს მათ დიდად არც დაეტყოთ. მათ უმაღლესი დონის შემსრულებლები ყავთ. ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება და ფოკუსირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ წარმატებაზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპას გათამაშება უდანაკარგოდ, 5 მოგებით დაასრულა. ლევან მაისაშვილის გუნდისთვის ახლა ტესტების სერიები იწყება: 2 და 9 ივლისს "ბორჯღალოსნები" სტუმრად მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ორჯერ შეხვდებიან, ხოლო 17 ივლისს, თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113827