ავტოსპორტი

21:51 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი შტირიის დიდი პრიზის პოულზე

მაქს ფერსტაპენმა ერთ კვირაში, ზედიზედ მეორე პოულ პოზიცია მოიპოვა. საფრანგეთის შემდეგ, ავსტრიის შპილბერგში, მან კვალიფიკაცია შტირიის დიდ პრიზზეც მოიგო, სადაც ერთ კვირაში, ავსტრიის დიდი პრიზიც გაიმართება.

ჩემპიონატის ლიდერმა 0.194 წამით აჯობა ვალტერი ბოტასს, რომელმაც მართალია, უკან მოიტოვა თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი, მაგრამ პრაქტიკების დროს, პიტლეინზე მომხდარი ინციდენტის გამო, სტარტზე სამი პოზიციით უკან დადგება. შესაბამისად, მესამედან მეორეზე გადაინაცვლებს ჰამილტონი, ვინც ჰოლანდიელთან 0.226 წამი წააგო. მეორე რიგში, ადგილებს ლანდო ნორისი და სერხიო პერესი დაიკავებენ, რომლებმაც ასევე ისარგებლეს ბოტასის ჯარიმით.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში ჩასვლამდე, „რედ ბულს“ ზედიზედ სამი რბოლა აქვს მოგებული და შტირიის ეტაპზეც, რომელიც „რედ ბულ რინგზე“ ტარდება, ფავორიტი იქნება. უკვე 4 რბოლაა, ჰამილტონი ვერაფრით ახერხებს 101-ე კვალიფიკაციის მოგებას.

„ძალინ კარგ უქმეებს ვატარებთ. კვალიფიკაციაზე მანქანა ისევ კარგი სამართავია. როგორც ყოველთვის, ძნელია მომენტის შერჩევა, როცა ტრაფიკი სუფთა წრის გავლაში ხელს არ შეგიშლის, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ პირველი ცდა მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა“, - განაცხადა 23 წლის ფერსტაპენმა.

„ყველანაირად ვეცადე, ხვალ ბრძოლას ვაპირებთ. მაქსს ვულოცავ. მაქსი ყველა გამოსვლაზე მეოთხედი წამით გვჯობნის. საინტერესოა, შევძლებთ თუ არა რბოლისას ამის აღმოფხვრას. არ მგონია, ისეთი სიჩქარე გვქონდეს, რომ ამის გაკეთება იოლი იყოს“, - განაცხადა 36 წლის ჰამილტონმა და ფერსტაპენს მორიგი გამარჯვება მიულოცა.

კვლავ შესანიშნავად იასპარეზა „უილიამსის“ ჯორჯ რასელმა, ვისაც 0.08 დააკლდა იმისთვის, რომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლება მიეღო. რაც მთავარია, მან ისევ დაამტკიცა, რომ მომავალი სეზონიდან „მერსედესში“ ადგილს იმსახურებს. 23 წლის რასელმა, ვინც „უილიამსში“ მესამე სეზონს ატარებს, უკან ჩამოიტოვა „ფერარის“ კარლოს საინსი, „მაკლარენის“ დანიელ რიკარდო და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი (ასტონ მარტინი). ამასთან, მისი კარგი გამოსვლა, ბრიტანული გუნდის პროგრესზეც მეტყველებს.

შტირიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'03.841
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.226
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.279
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.327
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.194
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.395
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.631
  8. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 0.673
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.733
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 0.867
  11. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 0.830
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.959
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.967
  14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.034
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.072
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.334
  17. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.376
  18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.588
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.200
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.351
0.145264