ავტოსპორტი

23:47 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის კალენდარში თურქული ეტაპი ისევ დაბრუნდა

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის კალენდარს, თურქეთის დიდი პრიზი დაუბრუნდა. რბოლა 1-3 ოქტომბერს დაინიშნა და ის სინგაპურის დიდ პრიზს ჩაანაცვლებს.

ისტანბულ პარკზე რბოლა ივნისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიური შეზღუდვების გამო, ის გაუქმდა. ამასთან, ორგანიზატორებმა მაშინ იმედი გამოთქვეს, რომ მათს რბოლას კალენდარში შემოდგომისთვის დააბრუნებდნენ.

თავდაპირველად, თურქული ეტაპი კალენდარში კანადურის ნაცვლად ჩაჯდა, რომელიც ასევე პანდემიის გამო გაუქმდა. მაგრამ მალევე ბრიტანეთმა თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლიდან ვიზიტორებზეც, პანდემიის გამო, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ეს ნიშნავს, რომ თურქეთიდან დაბრუნებული გუნდების წევრებს, 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევდათ. ეს კი ბევრ პრობლემას ქმნიდა იმის გათვალისწინებით, რომ გუნდების უმეტესობა სწორედ ბრიტანეთშია ბაზირებული.

ფორმულა 1 იმედოვნებს, რომ სამ თვეში ბრიტანეთში შეზღუდვები სრულად მოიხსნება, რადგან ქვეყანა ამის გაკეთებას უფრო ადრე გეგმავს. ამიტომ, კალენდარში თურქული ეტაპის დაბრუნება შესაძლებელი გახდა.

ფ1-ის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტეფანო დომენიკალიმ მდლობა გადაუხადა ისტანბულ პარკის მმართველებს თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტრასა ფ1-ის მოყვარულებს კიდევ ერთ საინტერესო რბოლას აჩუქებს.

ისტანბულის ეტაპამდე ერთი კვირით ადრე, სოჭის რბოლა გაიმართება, ერთი კვირის შემდეგ კი ფ1-ის ქარავანი იაპონიის სუზუკას ეწვევა.

0.120371