ფეხბურთი

16:28 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორეცკა, ნოიერი და დაპირისპირება მიუნხენში ცისარტყელას ფერების გამო

გერმანიისა და უნგრეთის ნაკრებთა მატჩი ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ საფეხბურთო კუთხით იყო. თამაშამდე გერმანიის საფეხბურთო კავშირმა უეფას „ალიანს არენის“ ცისარტყელას ფერებში განათების თხოვნის ნებართვით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ამიტომაც, გერმანულმა კლუბებმა საფეხბურთო კავშირს სოლიდარობა გამოუცხადეს და თავიანთი სტადიონები გაანათეს.

მატჩის დასაწყისში, უნგრეთის ჰიმნის დროს მოედანზე ადამიანი შეიჭრა, რომელსაც ხელში ცისარტყელას დროშა ეჭირა, მან უნგრელი ფეხბურთელების წინაშე ჩაირბინა, რითაც პროტესტი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა. თამაშის დროს კი უნგრელი ფანების შეძახილები ისმოდა: „გერმანია, გერმანია, ჰომოსექსუალი გერმანია!“ ამასთან, გერმანიის ჰიმნის დროს ისინი უსტვენდნენ.

მატჩი ბედი ლეონ გორეცკამ გადაწყვიტა, რომელმაც 84-ე წუთზე გოლი გაიტანა და უნგრელ ფანებთან მიირბინა - თითებით მან უნგრელებს გული უჩვენა. თამაშის შემდეგ ლეონმა სოციალურ ქსელში ცისარტყელას ემოჯი გამოაქვეყნა და დაწერა: „გაავრცელეთ სიყვარული“.

უნგრელების ქცევამ მანუელ ნოიერიც გააღიზიანა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე კაპიტნის მსგავსი სამკლაურით თამაშობს. გამოცდილი კიპერი მატჩის შემდეგ ინტერვიუებში კამერების წინაშე თავის სამკლაურს დემონსტრაციულად აჩვენებდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩენას გადაურჩა და რომ არა ლეონ გორეცკას 84-ე წუთზე გატანილი გოლი, მერვედფინალში უნგრეთის ნაკრები გავიდოდა. თუმცა, საბოლოო შედეგმა (2:2), ალემანებს ჯგუფში მეორე ადგილი და მერვედფინალში ინგლისთან თამაში არგუნა.

0.063699