ავტოსპორტი

2:10 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ მთავარი პრობლემა წინა საბურავების ჭარბი ცვეთაა

საფრანგეთის დიდი პრიზის რბოლისას, „ფერარის“ ისევ ძველი პრობლემა გამოაჩნდა - წინა საბურავების ინტენსიური ცვეთა, რომლის მოგვარებაც, როგორც ირკვევა, ამ სეზონში ვერ მოხერხდება. გუნდის შეფი მატია ბინოტო (ფოტოზე) იმედოვნებს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრას, მარანელოში მომავალი სეზონისთვის გეგმავენ.

საფრანგეთის რბოლა ამ სეზონში პირველი იყო, რომელზეც იტალიური გუნდის პილოტებმა ქულის აღება ვერ შეძლეს. კარლოს საინსი მე-11 ადგილს დასჯერდა, შარლ ლეკლერმა კი ფინიშს მე-16 ადგილზე მიაღწია. კვალიფიკაცია მათ შესაბამისად, მე-5 და მე-7 ადგილებზე დაასრულეს. არადა, მონაკოსა და აზერბაიჯანში ლეკლერმა პოული მოიპოვა. საბოლოოდ, საფრანგეთში წარუმატებელი რბოლის გამო, „ფერარიმ“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მესამედან მეოთხეზე გადაინაცვლა და წინ „მაკლარენი“ გაუშვა.

„ჩვენ ვერაფრით მივაღწიეთ საბურავების ნორმალურად მუშაობას. ჩემი აზრით, ჩვენი შედეგები სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება“, - ამბობს ბინოტო და დასძენს, რომ სიცხე და სწრაფი მოსახვევები საბურავებს ძლიერ ტვირთავს და პრობლემას სწორედ ეს იწვევს.

ბინოტო ამბობს, რომ საბურავების ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში გამართული მუშაობის მისაღწევად, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მაგალითად, ბორბლების კონსტრუქციის შეცვლა, მაგრამ ეს რეგლამენტის გამო, შეუძლებელია. ამიტომ, ამ სეზონში საქმის სრულად გამოსწორება შეუძლებელი იქნება. და გუნდი იმუშავებს იმაზე, რომ ეს საზრუნავი მომავალ სეზონში არ ჰქონდეს. ის ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა გუნდს ამ სეზონში სხვა რბოლებშიც ექნება, ოღონდ არა ყველაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112899