ფეხბურთი

23:19 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ქუთაისში ქულები დაკარგა, "დილამ" გამარჯვების გემო გაიხსენა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „დინამო ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა და ორი ქულა დაკარგა.

შეხვედრა ძალზე საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მეორე წუთზე ბათუმელები გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლოს თედორე გრიგალაშვილის ავტოგოლი მოჰყვა და აჭარლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

თუმცა, მეორე ნახევარში თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა და „ტორპედომ“ ჩამორჩენა გააბათილა. ეს ყველაფერი 3-წუთიან ინტერვალში მოხდა. ჯერ ოლეგ მამასახლისმა გაიტანა პენალტით და მერე წონასწორობა ფადი ზიდანმა აღადგინა. „დინამო ბათუმმა“ სცადა თამაშის მოგება, მაგრამ გამარჯვების გოლი ვეღარ გაიტანა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

„დინამო ბათუმი“ 39 ქულით ლიდერია, მაგრამ „დინამო თბილისს“ ამ ტურში ჯერ არ უთამაშია, ხოლო „ტორპედოს“ აქტივში 19 ქულა და მეშვიდე ადგილია

გორში, „დილამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე კაპანაძის გოლმა გადაწყვიტა და გორელებმა ძალზე მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს. „დილა“ 29 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „შუქურა“ 16 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება.

„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 ფანცულაია (2), 0:2 გრიგალაშვილი (34, ა.გ), 1:2 მამასახლისი (64, პენ), 2:2 ზიდანი (67)

„დილა“ – „შუქურა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კაპანაძე (54)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146002