კალათბურთი

17:37 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონერ ფრენკამპი ევროლიგის გუნდში გადავიდა, მისი ადგილი მურსიაში თად მაკფადენმა დაიკავა

კონერ ფრენკამპი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენს ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია, კარიერას ევროლიგაში გააგრძელებს. ამერიკელ უკანახაზელთან კონტრაქტი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” გააფორმა. რუსული კლუბი ევროლიგის ღირსეული წევრია, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მოძლიერდა და გასულ სეზონში ოთხთა ფინალამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. მას გზა მომავალმა ჩემპიონმა “ბარსელონამ” გადაუღობა, რომელმაც დიდ ბრძლაში, 5 მატჩის ჯამში მეითხედფინალური სერია 3:2 მოუგო “ზენიტს”.

ფრენკამპს საქართველოს ნაკრებში ერთი, არასრული მატჩი აქვს ჩატარებული. მიმდინარე წლის 19 თებერვალს, თბილისში, სერბეთის წინააღმდეგ კონერის დებიუტი შედგა, რომელმაც მოედანზე 19:34 წუთი დაჰყო და 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ამერიკელმა კალათბურთელმა თამაშისას ტრავმა მიიღო, მოედანი დატოვა და ფორმის აღდგენა მხოლოდ მაისის შუა პერიოდში მოახერხა.

ფრენკამპის ყოფილმა გუნდმა, ესპანურმა “მურსიამ” მისი შემცვლელი მალევე იპოვა და ის სან პაბლო ბურგოსის ვეტერანი უკანახაზელი, ასევე საქართველოს ნაკრების აწ უკვე სტაჟიანი წევრი, თად მაკფადენია. 34 წლის უკანახაზელს საკმაოდ კარგი სეზონი (საშუალოდ 13.6 ქულა, 2.2 პასი, 1.4 მოხსნა) ჰქონდა და ბურგოსელებმა ახალი კონტრაქტიც შესთავაზეს, თუმცა, მან ახალი გამოწვევა არჩია.

შეგახსენებთ, რომ მაკფადენს ევრობასკეტის გასულ შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებში დიდი როლი ჰქონდა დაკისრებული. მან შვეიცარიასთან მატჩში 24 ქულა ჩააგდო, საუკეთესო თამაში კი ბელგრადში ჩაატარა, როდესაც 33 ქულა ჩააგდო.

GBF.GE

0.117042