ჩოგბურთი

15:20 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დომინიკ თიმმა ოლიმპიადის გამოტოვება გადაწყვიტა

აშშ-ის ღია პირველობის ავსტრიელი ჩემპიონი დომინიკ თიმი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ამ სეზონს სუსტად ატარებს. და რამდენიმე ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე არ ითამაშებს.

„ჩემს გუნდთან საუბრის და სიტუაციის გაანალიზების შემდეგ, ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, ტოკიოს ოლიმპიადაზე არ ვითამაშებ. ჩემთვის, ისევე როგორც სხვა ყველა ათლეტისთვის, ოლიმპიადაზე გამოსვლა და ჩემი ქვეყნის წარდგენა, უზარმაზარი პატივია. ამან ჩემი გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმა. 2021 წლის სეზონი ჩემთვის ისე ვერ ვითარდება, როგორც ველოდი და ვგრძნობ, რომ ტოკიოში ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას ვერ შევძლებ“, - განაცხადა თიმმა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. ვგრძნობ, რომ ფორმას ვიუმჯობესებ. ახლა ჩემი მიზანი ისაა, რომ ვარჯიში გავაგრძელო, უიმბლდონზე რაც შეიძლება უკეთ ვითამაშო და ამის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ღიაზე ტიტულის დასაცავად ბრძოლასაც შევძლებ. ავსტრიის ოლიმპიურ გუნდს ვუსურვებ, რომ ტოკიოში საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ“, - დასძენს თიმი.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო ოლიმპიადას ასევე გამოტოვებს რაფაელ ნადალი, ვინც არც უიმბლდონზე ითამაშებს.

0.115813