ავტოსპორტი

10:27 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ავსტრიაშიც ძნელ რბოლებს ელის

ლუის ჰამილტონი შიშობს, რომ მისი მეტოქე მაქს ფერსტაპენი ავსტრიის დიდი პრიზის რბოლაშიც ძნელი დასამარცხებელი იქნება. საფრანგეთის პოლ რიკარზე, „რედ ბულმა“ ზედიზედ მესამე, ფერსტაპენმა კი სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა, რის შემდეგაც, ჰოლანდიელი მრბოლი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, 12 ქულას უგებს.

სხვათა შორის, პოლ რიკარი ის ტრასაა, რომელზეც გერმანული გუნდი ბოლო წლებში დომინირებდა. ფერსტაპენმა იქ „რედ ბულის“ კარგად გათვლილი სტრატეგიით ისარგებლა და ჰამილტონი რბოლის მიწურულს ჩამოიტოვა. თანაც, მან ჰეთ-თრიკი შეასრულა - ერთ ერთ ეტაპზე კვალიფიკაციაც და რბოლაც მოიგო და უსწრაფესი წრეც დააფიქსირა.

საფრანგეთის შემდეგ, ავსტრიის ჯერია, სადაც „რედ ბულის“ კუთვნილ ტრეკზე ზედიზედ ორი რბოლა გაიმართება. და ჰამილტონი ფიქრობს, რომ იქ ფერსტაპენისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლა ძალიან რთული იქნება.

„ეს ის ტრასაა, სადაც ძრავის ძალას მნიშვნელობა აქვს. მასზე გრძელი სწორი მონაკვეთებია და ამიტომ, ისთივე რბოლას ველი, როგორიც ამ უქმეებზე გვქონდა. რადგან რედ ბულს სწორზე კარგი სიჩქარე აქვს. სამი დღე გვაქვს იმისთვის, რომ რამე შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ. და თუ აბსოლუტურად ყველაფრის მაქსიმიზებას შევძლებთ, მაშინ კონკურენციაც გამოგვივა“, - ამბობს ჰამილტონი.

23 წლის ფერსტაპენს ავსტრიაში დამატებითი მხარდაჭერა ექნება ჰოლანდიელი ფანების მხრიდან, რომლებიც შპილბერგში ათასობით ჩავლენ. მაქსს ავსტრიაში ორი რბოლა აქვს მოგებული - 2018 და 2019 წლებში. და „რედ ბულის“ საშინაო რბოლაში, ლიდერობის განმტკიცებას ეცდება.

„აქ ადრე კარგი შედეგები გვქონდა, მაგრამ ეს იმის გარანტია არაა, რომ წელსაც ასე იქნება. ვფიქრობ, აქაც მჭიდრო ბრძოლაა მოსალოდნელი“, - ამბობს ჰოლანდიელი.

„რედ ბული“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში „მერსედესს“ 37 ქულას უგებს, პილოტების ჩათვლაში კი სერხიო პერესმა ბაქოში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, ვალტერი ბოტასს გადაასწრო და მესამე ადგილზე გადავიდა.

„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი აღტაცებულია თავისი გუნდს პროგრესით, თუმცა თვლის, რომ „მერსედესს“ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, ბევრი დრო არ დასჭირდება.

„მერსედესი გასულ სეზონში აბსოლუტური დომინანტი იყო და თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ მანქანის 60 პროცენტი შენარჩუნებული აქვთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფენომენალურად ვიმუშავეთ. ახლა მთავარი ისაა, რომ ეს უპირატესობა შევინარჩუნოთ, რადგან მერსედესი ძალიან ძლიერი გუნდია და მხოლოდ დროის ამბავი, როდის ამოქაჩავს“, - ამბობს ჰორნერი.

0.105097