სახელოვან ამერიკელ მოცურავე რაიან ლოხტეს, თავის კარიერაში მეხუთე ოლიმპიადაზე გამოსვლა სურდა. მაგრამ 36 წლის ათლეტისთვის, ვისაც ამ საუკუნეში გამართულ ყოველ ოლიმპიადაზე, მინიმუმ ერთი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, ეს მიზანი მიუღწეველი დარჩა.
ლოხტემ ინდივიდუალურ, შერეული სტილით 200 მეტრზე ცურვაში, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ტოკიოს საგზური კი მხოლოდ ორ საუკეთესოს, მაიკლ ენდრიუს და ჩეიზ კალიშს ერგო, რომლებმაც შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ეს იყო ლოხტეს ბოლო შანსი იმისა, რომ ტოკიოს საგზურს დაუფლებოდა. შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას, რომელსაც ომაჰამ (შტატი ნებრასკა) უმასპინძლა, მან რამდენჯერმე წინასწარი გაცურვების დროსაც კი ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
200 მეტრზე შერეული სტილი მისი ბოლო იმედი იყო. სწორედ ამ დისტანციაზე და ამ სახეობაში, 17 წლის წინათ, მან პირველად შეძლო ოლიმპიური საგზურის დაუფლება. და ეს ის დისტანციაა, რომელზეც მსოფლიო რეკორდი ჯერაც მას ეკუთვნის.
200 მეტრზე შერეული სტილის წინასწარ გაცურვებზე, ლოხტეს მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა, რამაც იმედი გაუჩინა. ნახევარფინალებში ის მხოლოდ მეექვსე იყო, თუმცა იმედი არ დაკარგულა, რადგან ფინალში გასასვლელად, ესეც საკმარისი იყო. ფინალში კი მეტოქეები გაცილებით სწრაფები იყვნენ. ლოხტე გამარჯვებულ ენდრიუს 4 წამზე მეტით ჩამორჩა, კალიშს კი 2.7 წამით.
რაიან ლოხტე წინა ოთხ ოლიმპიადაზე, მინიმუმ ერთი ოქროს მედლის აღებას ყოველთვის ახერხებდა. სულ კი მის ანგარიშზე 6 ოლიმპიური ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.