ავტოსპორტი

20:20 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ფერსტაპენმა სეზონში მეორე კვალიფიკაცია მოიგო

საფრანგეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. ეს ჰოლანდიელი მებოლის მეორე პოულია სეზონის გახსნითი ეტაპის შემდეგ, რომელიც ბაჰრეინში გაიმართა. ფერსტაპენმა 0.258 წამით აჯობა ტიტულისთვის ბრძოლაში თავის მტავარ კონკურენტ ლუის ჰამილტონს.

მეორე რიგშიც „რედ ბულის“ და „მერსედესის“ პილოტები განლაგდებიან. ოღონდ, ამ შემთხვევაში წინ ვალტერი ბოტასია, ვინც ფერსტაპენს 0.386 წამით ჩამორჩა, მეოთხეზე კი სერხიო პერესი დადგება, ვინც წინა რბოლა - აზერბაიჯანის დიდი პრიზი მოიგო.

„ჯერჯერობით, ჩვენთვის სარბოლო დღეები კარგად მიმდინარეობს. და ეს ის ტრეკია, რომელიც ჩვენთვის რთულია ხოლმე. პოულ პოზიციის მოგებით კმაყოფილი ვარ. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაწყებული საქმე ხვალ ასევე კარგად დავასრულოთ და ის 25 ქულა მოვიპოვოთ, რომლებიც ბაქოში დავკარგეთ“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

თავისი მანქანით უკმაყოფილო დარჩა ჰამილტონი: „არ დაიჯერებთ, პირველი პრაქტიკის შემდეგ, მანქანის პარამეტრები იმდენჯერ შევცვალეთ. მაგრამ ბოლოს დაახლოებით იქ დავბრუნდით, საიდანაც დავიწყეთ. საერთო ჯამში, მანქანით უკმაყოფილო ვარ“.

კვალიფიკაციის შემდეგ, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ თუ ფერსტაპენი რბოლასაც მოიგებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ „რედ ბული“ „მერსედესს“ ამ სეზონში კონკურენციას ყველა ტიპის ტრასაზე გაუწევს.

მიკ შუმახერმა პირველად შეძლო კვალიფიკაციის მეორე ნაწილში გადასვლა, მაგრამ მასზე დროის დაფიქსირება ვერ შეძლო. ამის მიზეზი ისაა, რომ დატრიალდა და მანქანა დაუზიანდა. კვალიფიკაციის პირველ ნაწილში, მსგავსი რამ იუკი ცუნოდას შეემთხვა. იაპონელმაც გამოსვლა დროის გარეშე დაასრულა და შესაბამისად, რბოლას ბოლო ადგილიდან დაიწყებს.

საფრანგეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'29.990
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.258
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.386
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.455
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.850
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.878
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.997
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.262
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.350
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.392
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.746
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.777
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.823
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.075
  15. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) დროის გარეშე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.072
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.364
  18. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3.564
  19. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 42.594
  20. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123454