ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთის ნაკრებმა ქულები დაკარგა და ეს ბუდაპეშტში მოხდა, სადაც უნგრეთის ნაკრებს 60 ათასზე მეტი ქომაგი ამხნევებდა, რამაც შედეგი გამოიღო.
ზოგადად, უნგრელები სიკვდილის ჯგუფში აშკარად განწირულად მოჩანდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ტურის წინ პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს! ისიც ფაქტია, რომ უნგრეთმა მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან და ევროპის ჩემპიონ პორტუგალიასთან ბოლომდე იბრძოლა. მართალია, დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო. მოგეხსენებათ, პორტუგალიასთან უნგრეთმა 0:3 წააგო, მაგრამ 84-ე წუთამდე ნულოვანი ფრე იყო...
საფრანგეთთან კი მარკო როსის გუნდმა ქულა მოიპოვა. პირველ ტაიმში და ზოგადად, უპირატესობას საფრანგეთი ფლობდა, მაგრამ ქულის გადასარჩენად თამაში დიდიე დეშამის ბიჭებს მოუწიათ. პირველ ნახევარში კილიან მბაპემ თავით ოდნავ ააცილა, ხოლო მანამდე კარიმ ბენზემას გაუკეთა დიდებული პასი, მაგრამ ფორვარდმა ვერ ვარგა და საშინლად დაარტყა.
ტაიმის ბოლოს უნგრეთი დაწინაურდა. ძალიან კარგი შეტევისა და კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ატილა ფიოლა დარჩა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და საფრანგეთის ნაკრების 527-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა. სხვათა შორის, გოლის ავტორი ფიოლა "ფეჰერვარში" ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი გახლავთ.
მეორე ტაიმში საფრანგეთის ზეწოლა გაიზარდა, მაგრამ სახიფათო მომენტებს არც ისე ხშირად ქმნიდა. გამოსარჩევია უსმან დემბელეს დარტყმული ბურთი, რომელიც ძელს მოხვდა და გულაჩშის სეივი კილიან მბაპეს დარტყმის შემდეგ. ანგარიში კი ფრანგებმა მაინც გაათანაბრეს. მეორე ტაიმის შუაში მბაპემ ითამაშა კარგად, რასაც ვილი ორბანის შეცდომა დაემატა და ანტუან გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაიტანა. ანტუანს ევროპის ჩემპიონატებზე 7 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ მიშელ პლატინის (9) და კრიშტიანუ რონალდუს (11) ჩამორჩება.
უნგრეთის ფრემ F ჯგუფში ვითარება საკმაოდ დაძაბა და შეცვალა. ბოლო ტურში მარკო როსის გუნდი გერმანიას თუ დაამარცხებს, დიდი შანსია, რომ მერვედფინალშიც გავიდეს, საფრანგეთს კი პორტუგალიასთან მოუწევს დაპირისპირება.
უნგრეთი - საფრანგეთი 1:1 (1:0)
ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“
უნგრეთი (3-5-2): გულაჩში; ბოტკა, ორბანი, შალაი; ნეგო, კლაინჰესლერი (ლოვრენჩიჩი 84), ნადი, შეფერი (ჩერი 75), ფიოლა; ა. სჟალაი (ნიკოლიჩი 26), რ. სჟალაი
მწვრთნელი: მარკო როსი
საფრანგეთი (4-3-1-2): ლორისი; პავარი, ვარანი, კიმპემბე, დინიე; პოგბა (ტოლისო 75), კანტე, რაბიო (დემბელე 57, ლემარი 87); გრიზმანი; ბენზემა (ჟირუ 75), მბაპე
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
გოლები: 1:0 ფიოლა (45), 1:1 გრიზმანი (66)
გაფრთხილება: ბოტკა (52) - პავარი (10)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (3) – 13 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 0:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ლაშლო კლაინჰესლერი (უნგრეთი)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
1. | საფრანგეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 2 | 1 | 1 | 4 |
2. | პორტუგალია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | 3 | 3 |
3. | უნგრეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 1 | 4 | -3 | 1 |
4. | გერმანია | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | -1 | 0 |