ფეხბურთი

23:33 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ისევ ლიდერია, "თელავმა" 16-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში სამი მატჩი გაიმართა და სტუმრებმა გოლის გატანაც ვერ მოახერხეს.

„დინამო ბათუმმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. ბათუმელთა უპირატესობა საგრძნობი იყო და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორჯერვე გიორგი ფანცულაიამ გაიტანა, რომელიც მშვენიერ ფორმაშია.

მან ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, მას მერე, რაც დავით მაისაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა და ჯაბა ჯიღაურს ჩააბარა ბურთი, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა. ტაიმის ბოლოს ფანცულაიამ თორნიკე გაფრინდაშვილის პასით გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„დინამო ბათუმმა“ 38 ქულა დააგროვა და მეორე წრე, ანუ, სეზონის ნახევარი ამ შედეგით პირველ პოზიციაზე დაასრულა. გორის „დილა“ კრიზისშია და ბოლო 6 ტურში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა, რის გამოც მხოლოდ მეხუთე ადგილზეა 26 ქულით.

„თელავმა“ 16-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა! კახელებმა პირველ ტურში იმარჯვეს და მას მერე მხოლოდ 6 ფრე და 10 მარცხი ჰქონდათ. საშინელ სერიას კი წერტილი ქობულეთის „შუქურასთან“ დაესვა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ფირუზ მარაქველიძის ანგარიშზეა. „თელავმა“ ამ მოგებით 12 ქულა დააგროვა, ბოლო ადგილს თავი დააღწია და ახლა იქ „სამტრედია“ იმყოფება.

ტურის კიდევ ერთი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სამგურალს“ შორის უგოლო ფრით დასრულდა. წყალტუბოელები 24 ქულით მეექვსე ადგილზეა არიან, ხოლო ქუთაისელებს 18 ქულა აქვთ და მეშვიდე საფეხურს იკავებენ.

მე-18 ტური 19 ივნისს, „საბურთალო“ – „სამტრედიისა“ და „დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივის“ მატჩებით დასრულდება.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ფანცულაია (22), 2:0 ფანცულაია (40)

„ტორპედო“ – „სამგურალი“ 0:0

„თელავი“ – „შუქურა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მარაქველიძე (65)

0.100205