იტალია, ბელგია და ახლა ნიდერლანდები - ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში არიან. C ჯგუფში ნიდერლანდებმა ამსტერდამში ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლა და მართალია, არცთუ ეფექტური ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ დამაჯერებლად მოიგო - 2:0.
ფრანკ დე ბურის გუნდს პრობლემა არ შექმნია და მეტოქეს საკმაოდ ადვილად აჯობა. ანგარიში სწრაფად გაიხსნა. დენზელ დუმფრისი ევროპის ჩემპიონატს შესანიშნავ ფორმაში შეხვდა და მე-11 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად მემფის დეპაიმ აქცია და თავისიანები დააწინაურა. პირველ ტაიმში პრინციპში მეტი აღსანიშნავი არც არაფერი მომხდარა - ნიდერლანდები არ (ვერ) ინდომებდა, ავსტრია კი ნამდვილად ვერ ახერხებდა მეტოქის შეწუხებას.
დე ბურის გუნდმა თამაში 67-ე წუთზე მოკლა, როცა დონიელ მალენის პასით დუმფრისმა ახლო მანძილიდან გაიტანა. პსვ-ს მცველმა ევრო 2020-ზე ორივე თამაშში გაიტანა და რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ პირველი ნიდერლანდელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ პირველ ორ შეხვედრაში გოლი გაიტანა.
ნიდერლანდებმა 6 ქულას მოუყარა თავი და არა მარტო მერვედფინალში გავიდა, არამედ პირველი ადგილიც გაინაღდა და ბოლო ტურს, რომელშიც ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს.
ავსტრიას კი უკრაინასთან ერთად 3 ქულა აქვს და ისინი ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან. შესაბამისად, პლეი-ოფის საგზურის მფლობელის ვინაობაც ამ თამაშში გაირკვევა.
ნიდერლანდები - ავსტრია 2:0 (1:0)
ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“
ნიდერლანდები (3-5-2): სტეკელენბურგი; დე ვრეი, დე ლიხტი, ბლინდი (აკე 64); დუმფრისი, დე რუნი (გრავენბერხი 74), ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, ვან აანჰოლტი (ვეინდალი 65); დეპაი (ლ. დე იონგი 82), ვეგჰორსტი (მალენი 64)
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური
ავსტრია (3-5-2): ბახმანი; დრაგოვიჩი (ლეინჰარტი 84), ალაბა, ჰინტერეგერი; ლაინერი, ბაუმგარტნერი (ლაზარო 70), ლაიმერი (გრილიტჩი 62), შლაგერი (ონისივო 84), ულმერი; გრეგორიტში (კალაიჯიჩი 62), ზაბიტცერი
მწვრთნელი: ფრანკო ფოდა
გოლები: 1:0 დეპაი (11, პენ), 2:0 დუმფრისი (67)
გაფრთხილება: დე რუნი (14) - ალაბა (10), ბახმანი (67)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 7 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): დენზელ დუმფრისი (ნიდერლანდები)
მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი)
1. | ნიდერლანდები | 2 | 2 | 0 | 0 | 5 | 2 | 3 | 6 |
2. | უკრაინა | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 4 | 0 | 3 |
3. | ავსტრია | 2 | 1 | 0 | 1 | 3 | 3 | 0 | 3 |
4. | ჩრდ. მაკედონია | 2 | 0 | 0 | 2 | 2 | 5 | -3 | 0 |