ფეხბურთი

19:05 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ვლადიმირ ვაისის გუნდში გადავიდნენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ჯაბა კანკავა და გურამ კაშია კარიერას ბრატისლავის „სლოვანში“ გააგრძელებენ. სლოვაკურმა გუნდმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ჯაბა და გურამი უკვე ბრატისლავაში იმყოფებიან და წარადგინეს, ხოლო ვაისმა მათ შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მე სრულად ვენდობი ამ მოთამაშეებს. ორივე მათგანს საქართველოს ნაკრებში თითქმის 100-100 მატჩი აქვთ ჩატარებული, ისინი ვეტერანი არიან, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვთ, რაც გვჭირდება. ამიტომაც, დავიმატეთ“, - აღნიშნა ვაისმა.

კომენტარები ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რა მიზნები აქვს სლოვანს და რას მოელის ჩემგან. სტადიონი ლამაზია და საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც მიმუშავაია და შესანიშნავი ადამიანია. ახლა მინდა, კონცენტრაცია კარგ მომზადებაზე გავაკეთო და შემდეგ ვეცდები ამ კლუბისთვის და ფანებისთვის ბოლომდე დავიხარჯო“, - თქვა კაშიამ.

„სლოვანი“ ტრადიციული და დიდი კლუბია. მოუთმენლად ველოდები ამ გუნდში თამაშს. მინდა ყველაფერი გავაკეთო და ჩემი თვისებები ვაჩვენო მოედანზე. ვიცნობ ვაისს და ვიზიარებ მის ხედვას, მინდა დავეხმარო მას, ისევე როგორც მანამდე ის დამეხმარა. ასევე მინდა, „სლოვანს“ ევროპულ მატჩებში ჩემი გამოცდილებით დავეხმარო“, - თქვა კანკავამ.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა ბოლოს საფრანგეთში, „ვალანსიენის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე „ტობოლის“, „რეიმსის“, „დნიპროს“, კრივბასის“, კიევის „არსენალისა“ და „დინამო თბილისის“ წევრი იყო.

გურამ კაშიას „დინამო თბილისში“, არნემის „ვიტესში“, „სან ხოსესა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ უთამაშია, რომელიც ორი დღის წინ დატოვა. ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ „შემროკ როვერსს“ შეხვდება.

0.119503