ფეხბურთი

1:16 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური "აძურა": იტალია დაფრინავს და მერვედფინალშია!

ევროპის ჩემპიონატს პირველი მერვედფინალისტი ჰყავს და ლოგიკურია, რომ ის იტალიის ნაკრებია. ჯერ დასკვნების გაკეთება ძალზე ადრეა, მაგრამ ფაქტია, რომ „სკუადრა აძურა“ ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობს და ორივე მატჩი ისე ჩაატარა, რომ ნაკლსაც ვერ მოუძებნი.

თურქეთთან 3:0 და ახლა შვეიცარიასთან 3:0! არადა, მანამდე, ევროპის ჩემპიონატზე ერთ თამაშში ორზე მეტი გოლი იტალიას არასდროს ჰქონდა გატანილი, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდი ყველა სტერეოტიპს ანგრევს! „აძურა“ შეუდარებელი, ლაღი, დაუღალავი, შეუჩერებელი და გაუჩერებელია.

მანჩინის ბიჭები 90 წუთის განმავლობაში არ ჩერდებიან და მოედნის ყველა მონაკვეთში არიან. დიდებული იყო მანუელ ლოკატელი, რომელმაც ორი დიდებული გოლი გაიტანა. „სასუოლოს“ 23 წლის ფეხბურთელმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა. მოედნის საკუთარი ნახევრიდან მარჯვენა ფლანგზე საოცარი პასი გაუკეთა დომენიკო ბერარდის, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა პასი გააკეთა და ცარიელი კარის წინ ლოკატელი იყო! მან 70 მეტრი გაირბინა უბურთოდ და ეს გარჯა დაუფასდა. მანუელმა დუბლი მეორე ტაიმის დასაწყისში შორეული დარტყმით შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში ასევე შორი დისტანციიდან ჩირო იმობილემ დააფიქსირა. სხვათა შორის, ლოკატელი მესამე იტალიელი ფეხბურთელია პიერლუიჯი კაზირაგისა (1996) და მარიო ბალოტელის (2012) შემდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია (23 წლის და 159 დღის), ვინც მიმდინარე ევროზე გოლი გაიტანა. იმობილემ კი ნაკრებში ბოლო 11 მატჩში, რომელიც სასტარტოში დაიწყო, 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 5 საგოლე პასი).

„სკუადრა აძურას“ კიდევ ბევრჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მომენტები ბოლომდე ვერ გამოიყენა. მანამდე, ჯორჯო კიელინიმაც გაიტანა, ჯერ კიდევ 0:0-ზე, მაგრამ ხელით ითამაშა და გოლი გაუუქმეს. ჯორჯომ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს.

იტალიის ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად და ლამაზად მოიგო. ძნელია, ასეთი იტალიის გახსენება და პლეი-ოფის საგზური უკვე გაინაღდა, ბოლო ტურში კი პირველი ადგილისთვის უელსის ნაკრებს 20 ივნისს დაუპირისპირდება.

იტალია - შვეიცარია 3:0 (1:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი (აჩერბი 24), სპინაცოლა; ბარელა (კრისტანტე 86), ჟორჟინიო, ლოკატელი (პესინა 86); ბერარდი (ტოლოი 70), იმობილე, ინსინიე (კიეზა 69)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

შვეიცარია (3-4-1-2): სომერი; ელვედი, შერი (ცუბერი 58), აკანჯი; მბაბუ (ვიდმერი 58), ფროილერი (სოუ 84), ჯაკა, როდრიგესი; შაქირი (ვარგასი 76); სეფეროვიჩი (გავრანოვიჩი 46), ემბოლო

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 1:0 ლოკატელი (26), 2:0 ლოკატელი (52), 3:0 იმობილე (89)

გაფრთხილებ: გავრანოვიჩი (49), ემბოლო (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 5 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 2:4

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): მანუელ ლოკატელი (იტალია)

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

0.204384