ავტოსპორტი

3:44 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესის რეკორდი ბაქოში

„რედ ბულის“ მექსიკელ ახალწვეულ სერხიო პერესს სულ ექვს რბოლა დასჭირდა იმისთვის, რომ ახალ გუნდთან ერთად, რბოლა მოეგო. პერესისთვის ეს კარიერაში მოპოვებული მეორე გამარჯვებაა. პირველი „რეისინგ პოინტთან“ (ახლანდელი ასტონ მარტინი) ერთად, გასული სეზონის მიწურულს, ბაჰრეინში მოიპოვა.

მხოლოდ ორი გამარჯვების მიუხედავად, პერესმა ბაქოში ერთი რეკორდი დაამყარა - ტურბო ეპოქაში ის გახდა პირველი მრბოლი, ვინც ორ სხვადასხვა გუნდში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

2014 წლიდან მოყოლებული, რაც ფორმულა 1-ში ტურბო ეპოქა დაიწყო, რბოლების მოგება სულ ათმა მრბოლმა შეძლო. ბაქომდე ყველა მათგანმა ეს მხოლოდ ერთ გუნდთან ერთად მოახერხა. ამასთან, ამ ათიდან მხოლოდ ერთმა, პიერ გასლიმ მოიგო მხოლოდ ერთხელ. დანარჩენების ანგარიშზე ერთზე მეტი მოგებაა.

თუ ფორმულა 1-ის ისტორიას გადავხედავთ, რეკორდსმენი სტირლინგ მოსია, ვისაც ხუთი გუნდის მანქანებით აქვს რბოლები მოგებული. სამმა პილოტმა - ხუან მანუელ ფანხიომ, ჯეკი სტიუარტმა და ალენ პროსტმა, ოთხ-ოთხ გუნდთან ერთად შეძლეს მოგება.

მოქმედ პილოტებს შორის, სამს მოგება სამ განსხვავებულ გუნდთან ერთად აქვს. ესენი არიან ფერნანდო ალონსო (რენო, მაკლარენი, ფერარი), კიმი რაიკონენი (მაკლარენი, ფერარი, ლოტუსი) და სებასტიან ფეტელი (ტორო როსო, რედ ბული და ფერარი). მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ორ გუნდთან (მაკლარენი, მერსედესი) ერთად აქვს მოგებული. ოღონდ, „მაკლარენთან“ ერთად, ტურბო ეპოქის დაწყებამდე იგებდა.

0.120452