კალათბურთი

19:35 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტურ ლიგაში სეუ და სპორტუნი გალიდერდნენ

სტუდენტური ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, ერთი შეხვედრა კი ქუთაისში, კვირა დღეს გაიმართა. იმერეთში სათამაშოდ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ჩავიდა და 79:88 (სტატისტიკა) დამარცხდა.

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა პირველ ტურში თბილისში უიმედოდ წააგო გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტთან და ტექნიკოსების ძლევით რეაბილიტაცია მოახდინა. ჯგუფის მეორე მატჩში გთსუ 77:68 (სტატისტიკა) დაამარცხა ილიაუნიმ და “ბ” ჯგუფში ოთხივე გუნდს თანაბარი ქულა (თითო მოგებ-წაგება) დაუგროვდა.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტების მატჩი, რომელიც სეუ-მ 1 ქულის სხვაობით – 76:75 (სტატისტიკა) დაამარცხა თსუ. სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა პირველი ტურის მატჩიც მინიმალური სხვაობით – 77:78 დათმეს სპორტუნისთან, რაც ამ გუნდის წევრებისთვის და ქომაგებისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მომენტია. “ა” ჯგუფს 2-2 მოგებით სეუ და სპორტუნი ლიდერობენ, სამედიცინო და სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდებს კი მოგების გემო ჯერ არ განუცდიათ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფებში 2 წრის შემდეგ პლეი ოფში ყველა გუნდი გავა და მეოთხედფინალში ჯგუფი-ჯგუფზე, ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. მომდევნო, მესამე ტურის მატჩები 17 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121765