საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მერვედფინალში გავიდა. 29 წლის ბასილაშვილმა 1/16 ფინალში გამოცდილი ფრანგი ჟილ სიმონი 2-საათიან ბრძოლაში დაამარცხა.
პირველი სეტი ნიკოლოზმა ძალიან ადვილად 6:1 მოიგო და გამარჯვებისკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მეორე სეტში უპირატესობას 36 წლის ფრანგი დაეუფლა, რომელმაც 6:3 იმარჯვა და სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა. ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, სადაც 5:4-ზე ქართველმა ბრეიკი შეასრულა და გამარჯვებაც მოიპოვა.
ნიკოლოზმა 2-2 ეისი და ორმაგი შეცდომა მიითვალა, ხოლო სიმონმა 4 ეისი ჩაიწერა აქტივში, სამაგიეროდ, ორმაგი შეცდომა ხუთჯერ დაუშვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში არტურ რინდერკნეხისა და იანიკ ჰანფმანის გამარჯვებულს შეხვდება. სხვათა შორის, ჰანფმანს ქართველმა კვალიფიკაციაში მოუგო, მაგრამ ის ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით ასპარეზობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჟილ სიმონი 2:1 (6:1, 3:6, 6:4)