რაგბი

23:15 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის ცნობილია

ბორჯღალოსნების 37-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა, ზაფხულში გასამართი ოთხი თამაშისთვის მოსამზადებლად შეკრებაზე „მარტყოფის“ ბაზაზე შევიდა.

26 ივნისს საქართველო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს თელავში უმასპინძლებს და თასს ოფიციალურად ჩაიბარეს; 2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ‘სპრინბოქსს’ ეთამაშებიან, რომელიც 2019 წლის ფინალის შემდეგ პირველად ითამაშებს; 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიას დავუხვდებით. ის ჯერჯერობით ტიერ1-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოდის.

იზოლირებულ გარემოში

„მოსამზადებლად ძალიან კარგი პირობებია და რაც მთავარია, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სრულიად იზოლირებული ვართ. ამ ორ კვირას, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, ჩვენ და ბაზის პერსონალი ერთად გავატარებთ“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ნიდერლანდებთან მატჩის კვირაში, გაფართოებული რაზმი 33 მორაგბემდე შემცირდება. მანამდე, არსებული კონტიგენტი სამ ჯგუფადაა გაყოფილი:

„ზაფხულის ტურნეს სიმძიმიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებული რესურსით მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა შევარჩიეთ. სამწუხაროდ, გვაკლიან ტრავმირებული მოთამაშეები. გარდა ამისა, ტოპ 14-სა (ერთი ეტაპი) და პრო დ2-ში პლეი ოფები ახლა დასრულდა და ამ გუნდის მოთამაშეები ჯერ არ ჩამოსულან. ‘რასინგი’ ნახევარფინალშია და გურამ გოგიჩაშვილი გუნდთან ერთადაა, მოგვიანებით დაგვემატება ბექა გიგაშვილი, რომელსაც მცირე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შეკრება ადრე უნდა დაგვეწყო, თუმცა დიდი 10-ის ფინალმა გადაიწია და გვიან შემოგვიერთდნენ ამ კლუბების მოთამაშეები“.

„შეკრების პირველ კვირაში შემადგენლობა სამ ჯგუფად გვეყოლება გაყოფილი. ძირითადი ბირთვის გარდა, ცალკე ვარჯიშობენ ლიმიტირებული მორაგბეები. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს კოვიდი, ან ასრულებენ ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას. ისინი ცალკე, ფიზ.მომზადების ჯგუფის დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობენ. ასევეა რისკ ჯგუფი – ფინალში მოთამაშე მორაგბეები, რომლებიც იზოლირებულად ივარჯიშებენ. კვირაში სამჯერ გავიკეთებთ ტესტებს და როგორც კი ვირუსის გავრცელების რისკი გამოირიცხება, გუნდის საერთო სქემასა და მონახაზზე დავიწყებთ მუშაობას. გუნდის სრულად შეკრება ნიდერლანდებთან თამაშის კვირამდე ვერ მოხერხდება. ამ ერთ კვირას გამოვიყენებთ უნარების გასაუმჯობესებლად და სათამაშო სქემის მცირე დეტალებზე ვიმუშავებთ“.

დებიუტანტები გაფართოებულ რაზმში

გაფართოებულ რაზმში შვიდი დებიუტანტია – მიხეილ ორაგველიძე, ლუკა ნიორაძე, ლუკა ჯაფარიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ილია სპანდერაშვილი, ოთარ ლაშხი და დავით მესხი.

მაისაშვილის ფიქრობს, რომ ეს კონკურენციას აამაღლებს და სიღრმეებს გაზრდის:

„გამომდინარე იქიდან, რომ გიგაშვილი და გოგიჩაშვილი გვიან ჩამოდიან, პირველი ნომრის დაკლების რისკი გვქონდა. საჭირო იყო დაზღვევა და მსჯელობის შემდეგ არჩევანი ორაგველიძეზე შევაჩერეთ, რომელიც ძლიერია სტატიკაში. პირველ ხაზში ასევე გვყავს ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და კვაჭი ლუკა ნიორაძე. ჯაფარიძე იმ ბურჯთაგანია, რომელსაც ტოპ 14-ში დიდი სათამაშო დრო ქონდა და მას ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის გვყავდა 3-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში, კარგია სტატიკაში და საინტერესო შეტევაში. პრო დე2-ში საკუთარ პოზიციაზე საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა ახალგაზრდა ნიორაძეს და მას შეკრებაზე დავაკვირდებით“.

„მეორე და მესამე ხაზში ბაბუნაშვილს და სპანდერაშვილს ვნახავთ. მათ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ. სპანდერაშვილმა რუსეთის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, ასევე გვყავდა რეზერვად კალინინგრადში გამართულ შეხვედრაში. ლაშხი გაფართოებულ შეკრებაზე აქამდეც გვყავდა. ის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და იქს-ფაქტორს ფლობს. წელს რუსეთში კარგი სეზონი ჰქონდა და ტრავმის შემდეგ ფლეი ოფებსა და ფინალში ბრწყინვალედ ითამაშა მესხმა. დათო ძალიან სწრაფია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.

გამოძახებულთა შორისაა ნიკა ხატიაშვილი, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით ბოლოს 2017 წელს ითამაშა. ასევე გიორგი ცუცქირიძე. მან ტრავმამდე ბოლო საერთაშორისო მატჩი 2020 წლის თებერვალში ჩაატარა.

ტრავმების გამო გუნდს ზაფხულში დააკლდებიან მიხეილ ნარიაშვილი, ნიკა აბულაძე, ლუკა აზარიაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, ლაშა ჯაიანი, გრიგორ ქერდიყოშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი. უკანასკნელ წამს ნაკრებს გამოაკლდა გიორგი თხილაიშვილი, რომელმაც დიდი 10-ის ფინალში მენისკი დაიზიანა. ოჯახური მდგომარეობის გამო შეკრებაზე არაა თაზო მჭედლიძე.

პირველი ხაზი: ბექა გიგაშვილი (23 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), მიხეილ ორაგველიძე (უკეპო), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (უკეპო), გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (უკეპო), გია ხარაიშვილი (4 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი ჯავახია (5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (უკეპო);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (9 კეპი, 10 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა,) გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

9: ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი);

10: თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (კაპ. 76 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), ოთარ ლაშხი (უკეპო);

11-14: სანდრო თოდუა (93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), დავით მესხი (უკეპო);

15: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), ლაშა ხმალაძე (87 კეპი, 45 ქულა).

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112014