მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ალბათ საუკეთესო თამაში C ჯგუფში შედგა, სადაც ნიდერლანდების ნაკრებმა ამსტერდამში უკრაინას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
უფრო ანგარიშიდან და ბოლო წუთებიდან გამომდინარე იყო მძიმე ბრძოლა, თორემ ნიდერლანდები უპირატესობას ფლობდა და ბოლოსკენ მოდუნება რომ არა, მშვიდადაც მოიგებდა. ევრო 2016 და 2018 წლის მუნდიალზე ნიდერლანდების ნაკრები ვერ გავიდა და ამრიგად, დიდ საფეხბურთო ფორუმს 7 წლის შემეგდე დაუბრუნდა. ამიტომ, ნანატრ დღეს მისი ქომაგები დიდი მოლოდინით შეხვდნენ და „იოჰან კრუიფ არენაზე“ მაგარი საფეხბურთო ატმოსფეროც იყო.
პირველ ტაიმში ფრანკ დე ბურის გუნდს რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ უკრაინელთა მეკარე გეორგი ბუშჩანი კარგად ირჯებოდა. სამაგიეროდ, მან მეორე ტაიმში ჩააგდო და გარკვეულწილად, სამივე გოლში ბრალი მიუძღვის. ანგარიში ჟორჟინიო ვეინალდუმმა სწორედ ბუშჩანის შეცდომის შედეგად გახსნა. დიდ საფეხბურთო ფორუმზე ნიდერლანდების ბოლო გოლი ვეინალდუმის ანგარიშზე იყო (2014 წლის მუნდიალზე) და 2528-დღიანი პაუზა იმავე ვეინალდუმმა დაასრულა!
მალევე ვაუთ ვეგჰორსტმა სხვაობა ორამდე გაზარდა და ნიდერლანდებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მითუმეტეს, მანამდე უკრაინას არაფერი გამოსდიოდა და უფერულად გამოიყურებოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მასპინძლები უპირატესობას გაზრდიდნენ, მაგრამ მოდუნდნენ და დაისაჯნენ.
75-ე და 79-ე წუთებზე ანდრეი შევჩენკოს გუნდმა ორჯერ გაიტანა! ჯერ ანდრეი იარმოლენკომ შეასრულა და ულამაზესი გოლით სხვაობა შეამცირა, მერე რომან იარემჩუკმა თავით გაათანაბრა! ნიდერლანდები მოგებულ შეხვედრაში ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ დენზელ დუმფრისი ყველაზე აქტიური და მოუსვენარი იყო. სწორედ მან, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა და ნიდერლანდებს 3 ქულა მოუტანა.
მეორე ტურში ნიდერლანდები ავსტრიას ხვდება, უკრაინელთა მეტოქე კი ჩრდილოეთ მაკედონია იქნება. ორივე მატჩი 17 ივნისს გაიმართება.
ნიდერლანდები - უკრაინა 3:2 (0:0)
ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“
ნიდერლანდები (3-5-2): სტეკელებურგი; ტიმბერი (ველტმანი 88), დე ვრეი, ბლინდი (აკე 64); დუმფრისი, დე რუნი, ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, ვან აანჰოლტი (ვეინდალი 64); ვეგჰორსტი (ლ. დე იონგი 88), დეპაი
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური
უკრაინა (4-3-3): ბუშჩანი; კარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო; სიდორჩუკი, ზინჩენკო, მალინოვსკი; იარმოლენკო, იარემჩუკი, ზუბკოვი (მარლოსი 13, შაპარენკო 64)
მწვრთნელი: ანდრეი შევჩენკო
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (52), 2:0 ვეგჰორსტი (58), 2:1 იარმოლენკო (75), 2:2 იარემჩუკი (79), 3:2 დუმფრისი (85)
გაფრთხილება: სიდორჩუკი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 7 (5) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 2:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): დენზემ დუმფრისი (ნიდერლანდები)
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
1. | ავსტრია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | 2 | 3 |
2. | ნიდერლანდები | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 2 | 1 | 3 |
3. | უკრაინა | 1 | 0 | 0 | 1 | 2 | 3 | -1 | 0 |
4. | ჩრდ. მაკედონია | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 3 | -2 | 0 |