ბლოგი

18:19 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიქრები ოლიმპიადის წინ

ოლიმპიური თამაშებისადმი განსაკუთრებული მოლოდინები, როგორც წესი პატარა ქვეყნებში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მოპოვებული მედლების რაოდენობის მხრივ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს ვერავინ გაუტოლდება, პატარა ქვეყნებს მუდამ სჯერათ, რომ სწორედ ოლიმპიადებზე ეძლევათ შანსი საკუთარი იდენტობა და სპორტული პრეტენზიები დაადასტურონ.

ამ მხრივ გამონაკლისი რა თქმა უნდა არც საქართველოა. თუკი ათწლეულების განმავლობაში ქართველების მიერ ნაჩვენებ ოლიმპიურ შედეგებს გავითვალისწინებთ, ეს მოლოდინი ბუნებრივიცაა, რადგან მთელ რიგ სახეობებში ქართველი სპორტსმენები ტრადიციულად ძლიერად ასპარეზობდნენ. ანუ, ოლიმპიურ თამაშებზე ქართველები უშანსოდ თითქმის არასდროს ყოფილან და ტოკიოს ოლიმპიადაზეც სპორტის ოპტიმისტი მოყვარულები დაახლოებით 5-7 სხვადასხვა სინჯის მედალს მოელიან. როგორც ჩანს, განსაკუთრებულ უიმედობაში არც ქართული სპორტის მესვეურები და საქართველოს ხელისუფლებაა და იმედია, წარმატებულ ოლიმპიელებს არც წელს დატოვებენ გულნაკლულად.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, დაინგრა და მოიშალა, რასაც სპორტში კრიზისიც დაერთო. წლების განმავლობაში არავის ეცალა ოლიმპიელების წასახალისებლად და ბადრი პატარკაციშვილის გამოჩენამდე და მის მიერ დაწესებული მსუყე პრემიებამდე სპორტსმენებისთვის რაიმე მატერიალური სახის დახმარება ისეთივე საოცნებო იყო, როგორც ქართველი მორაგბეებისათვის სათამაშო მოედანი და შესაბამისად, როდესაც დიდი ჯახირის შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაში დიდ გასამრჯელოს გპირდებიან, უბრალოდ მართლაც თავი უნდა დადო წარმატების მისაღწევად.

საუკეთესო შემთხვევაში, წელს საქართველოს სამი, მაქიმუმ ოთხი ოლიმპიური ჩემპიონი ეყოლება. (იმედია, ვცდებით და უფრო მეტიც იქნებიან). ჩვენ გვეიმედება სპორტსმენებისა, რომლებმაც ხშირად ყოვლად არასპორტული პირობების მიუხედავად, ვარჯიში არ შეწყვიტეს და ყველაფერს ფანტასტიკური მონდომებითა და შრომით მიაღწიეს.

ამერიკაში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩემპიონების უმეტესობა მთლად მილიონერი თუ არა, შეძლებული ადამიანი მაინცაა. იქ ეს ფაქტი ბუნებრივადაა მიჩნეული. მართლაც, სხვა ვინ იმსახურებს დიდ გასამჯელოს თუ არა ოლიმპიური ჩემპიონი. სხვა ვინ უნდა იყოს ახალგაზრდებისათვის სამაგალითო ადამიანი, თუ არა წარმატებული სპორტსმენი?! ჩვენთან ეს ყველაფერი ბევრს რატომღაც არ ესმის, ან ესმით და უბრალოდ არ უნდათ დანახვა, თორემ, ოლიმპიადის ტრიუმფატორები თუნდაც იმ წუთების გამო უნდა ვატაროთ ხელისგულზე, როდესაც მათი გამარჯვების აღსანიშნავად ქართული დროშა ყველაზე მაღლა აღიმართება და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გაიჟღერებს. სწორედ ამას ჰქვია ეროვნული სიამაყე!

0.115288