ფეხბურთი

3:35 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გმირი სიმონ კიაერი: მან ერიკსენის გადარჩენაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა

დანიის ნაკრების კაპიტანმა სიმონ კიაერმა მეგობრისა და თანაგუნდელის, კრისტიან ერიკსენის გადარჩენაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. სკანდინავიელმა მცველმა კრისტიანს პირველადი დახმარება დროულად გაუწია.

კიაერმა ერიკსენი ენის გადაყლაპვისგან გადაარჩინა, გულის მასაჟიც გაუკეთა და სწორ მდგომარეობაში დააწვინა. Mirror-ის ინფორმაციით, ეს გადამწყვეტი იყო. დანიელმა ფეხბურთელმა ამის შემდეგ ერიკსენის ატირებული მეუღლე საბრინა კვისტ იენსენი ანუგეშა, რომელიც მოედანზე შევიდა და სიმონი მას ამშვიდებდა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც თამაში გაგრძელდა, კიაერი ისევ მოედანზე იყო, მაგრამ მწვრთნელს მალევე შეცვლა სთხოვა, რადგან თამაში მომხდარის გამო უბრალოდ არ შეეძლო. დანიის ნაკრების სამედიცინო შტაბმაც დაადასტურა, რომ კიაერის დროული მოქმედება მთავარი იყო.

ასევე აღსანიშნავია ინგლისელი არბიტრის, ენტონი ტეილორის რეაგირება. მან ერიკსენის დაცემიდან 5 წამში უხმო სამედიცინო პერსონალს და ძალიან სწრაფად იმოქმედა. ამ მომენტში თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენს ფინეთთან მატჩის 42-ე წუთზე გული გაუჩერდა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანიელი ფეხბურთელი გონზეა, თავისუფლად საუბრობს, თანაგუნდელებსაც ელაპარაკა და „ინტერის“ ჩატში საკლუბო თანაგუნდელებს მესიჯიც გაუგზავნა.

0.107113