ფეხბურთი

1:12 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიამ რუსები გაანადგურა

ბელგია ნომინალური მასპინძელი გახლდათ, მაგრამ თამაში სანკტ-პეტერბურგში, „გაზპრომ-არენაზე“ გაიმართა. ერთი ხანი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფინეთი-დანიის მატჩში მომხდარი ძალიან უსიამოვნო ამბის შემდეგ, როცა დანიელთა ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა პირველი ტაიმის ბოლოს გონება დაკარგა, ბელგია - რუსეთიც აღარ გაიმართებოდა. მაგრამ, არასაფეხბურთო განწყობის მიუხედავად, ის მატჩიც ჩამთავრდა და ამათაც ითამაშეს. ბელგიელებმა ყველაფერში აჯობეს მოწინააღმდეგეს, ხანდახან თამაში ცალკარას ემსგავსებოდა. რუსეთის ნაკრები კი ერთობ უსახური იყო. ყოველთვის მიკვირს ხოლმე, ასეთი თამაშით რუსები როგორ ხვდებიან ხშირად დიდ ტურნირებზე, ჩვენები კი ვერა...

თამაშის აღწერას აზრი არ აქვს, იმდენად სჯობდნენ ბელგიელები რუსებს. თანაც ეტყობოდათ, რომ მთელი ძალით არც თამაშობდნენ.

პირველი გოლი ცოტა უცნაურ სიტუაციაში გავიდა, ლუკაკუ თამაშაგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბურთი მოულოდნელად მოწინააღმდეგე მცველისაგან, სემიონოვისგან მიუვიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.

ბელგია ფეხბურთს თამაშობდა, რუსები კი მხოლოდ ბურთის უაზრო მოგერიებაზე ზრუნავდნენ. შედეგად, კიდევ ორი გოლი მიიღეს საკუთარ კარში, ჯერ ტომას მენიემ ივაჟკაცა, ბოლოსკენ კი ლუკაკუ, თავის სტილში გაექცა მცველს, შუნინთან პირისპირ დარჩა და ეფექტური მსუყე წერტილი დასვა.

ბელგია - რუსეთი 3:0

სანკტ-პეტერბურგი. „გაზპრომ-არენა“

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი (ვერმალენი 77), კასტანი (მენიე 27), დენდონკერი, ტილემანსი, თორგან აზარი, კარასკო (პრატი 77), მერტენსი (ედენ აზარი 72), ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

რუსეთი: შუნინი, ჯიქია, სემიონოვი, ფერნანდესი, ჟირკოვი (კარავაევი 43), ბარინოვი (დივეევი 46), ოზდოევი, ზობნინი (მუხინი 63), კუზიაევი (ჩერიშევი 29, მირანჩუკი 63), გოლოვინი, ძიუბა

მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (10), 2:0 მენიე (34), 3:0 ლუკაკუ (88)

მსაჯი: ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)

გაფრთხილება არ ყოფილა

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (3) - 1 (3), ბურთის ფლობა: 62 - 38, კუთხურები: 2 - 4, თამაშგარე: 0-4

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: რომელუ ლუკაკუ

0.166156