ფეხბურთი

23:40 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილში მოქცეული ფინეთის ისტორიული გამარჯვება

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი შეხვედრა კოპენჰაგენში გაიმართა, სადაც „პარკენის“ სტადიონზე დანიამ ფინეთს უმასპინძლა და დამარცხდა. ეს ისტორიული შეხვედრა იყო ფინელთათვის - პირველი ევროპის ჩემპიონატზე. ამდენად, ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა.

დანია საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მთელი თამაში, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მომენტი ჰქონდა. საპასუხოდ, ფინეთმა კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა. 59-ე წუთზე ჯოელ პოიანპალომ კასპერ შმეიხელის კარი თავური დარტყმით დალაშქრა და როგორც გაირკვა ეს გამარჯვების გოლი იყო.

დანიას გათანაბრება გაშვებული გოლიდან 15 წუთში შეეძლო, მაგრამ პიერ-ემილ ჰოიბერგმა პენალტი ვერ გაიტანა და მას სტუმართა კარის დარაჯმა ლუკაშ ჰრადეცკიმ აჯობა. დანია კიდევ ბევრს ეცადა, მაგრამ ვერ გაიტანა. დანია რომ დიდ უპირატესობას ფლობდა, ერთი სტატისტიკიდანაც ჩანს: ფინეთმა როგორც კარში, ისე კარისკენ ერთადერთხელ დაარტყა და ისიც გოლად აქცია.

ალბათ იყო ფსიქოლოგიური მომენტიც. თამაში 43-ე წუთზე შეწყდა, კრისტიან ერიკსენს გულის შეტევა ჰქონდა და საავამდყოფოშია. მატჩი შეწყდა და საათნახევრის შემდეგ განახლდა, მაგრამ როგორი საქმეა - დიდი სტრესი გადაიტანეს ორივე გუნდის მოთამაშეებმა, განსაკუთრებით ცხადია დანიელებმა.

სხვათა შორის, პოიანპაოლომ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის და მისი ქვეყნისთვის ისტორიული გოლი გაიტანა, არ იზეიმა, რაც ცალსახად დასაფასებელი საქციელია.

ასე იყო თუ ისე, ნამდვილად მძიმე შეხვედრაში, რომელიც გასცდა უბრალოდ თამაშისა და ფეხბურთის კონცეფციას, ფინეთმა მოიგო და ევრო 2020 გამარჯვებით დაიწყო.

დანია - ფინეთი 0:1 (0:0)

კოპენჰაგენი, „პარკენი“

დანია (4-3-3): შმეიხელი; ვასი (ლარსენი 76), კიაერი (ვესტეგაარდი 63), კრისტენსენი, მეჰლე; ერიკსენი (იენსენი 43), ჰოიბერგი, დელანი (კორნელიუსი 76); პოულსენი, ვინდი (ოლსენი 63), ბრეიტვეიტი

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

ფინეთი (3-5-2): ჰრადეცკი; ტოივიო, არაიური, ო’შაუნესი; რაიტალა (ვაეისანენი 90), ლოდი, სპარვი (შულერი 77), კამარა, ურონენი; პოიანპალო (ფორსი 84), პუკი (კაუკო 77)

მწვრთნელი: მარკუ კანერვა

გოლები: 0:1 პოიანპალო (59)

გამოუყენებელი პენალტი: ჰოიბერგი (74, მეკარე)

გაფრთხილება: ლოდი (5), სპარვი (51)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსია): კრისტიან ერიკსენი (დანია)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 1 (1) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 9:0 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.120471