ბრიტანელმა სპრინტერმა დინა აშერ-სმიტმა, ბრილიანტის ლიგის ფლორენციის შეხვედრაზე, 200 მეტრზე სპრინტში, სეზონის მეორე საუკეთესო დროით გაიმარჯვა. ამგვარად, მიმდინარე ოლიმპიურ სეზონში, მისი დაუმარცხებელი სერია გრძელდება.
200 მეტრზე სპრინტში მსოფლიო ჩემპიონმა, ფინიშს 22.06 წამში მიაღწია და სულ 0.03 წამი დააკლდა სეზონის საუკეთესო შედეგამდე, რომელიც ბაჰამელმა შონე მილერ-უიბომ აპრილში, ფლორიდაში (იქაშერ-სმიტს არ უასპარეზია) დააფიქსირა.
აშერ-სმიტს თავისი გარბენის პირველი ნახევარიც შესანიშნავი ჰქონდა, მერე კი ფეხს აუჩქარა და ყველა მეტოქე ჩამოიტოვა. მათ შორის იყვნენ მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსანი, დომინიკელი მარი-ჟოზე ტა ლუ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ჰოლანდიელი დაფნი შიპერსი.
გარბენის შემდეგ, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ უფრო სწრაფად სირბილიც შეუძლია: „პანდემიის გამო, ძალიან რთული წელი გვქონდა. ჰოდა ვამაყობ იმით, რომ ის უკან დავტოვე და შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მეტის უნარიც მაქვს“.
ფლორენციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა 10 000 მეტრზე მსოფლიო ყოფილმა რეკორდსმენმა, ეთიოპიური წარმოშობის ჰოლანდიელმა სიფან ჰასანმა, ვინც ამჯერად 1 500 მეტრზე გაიმარჯვა. ის თავადვე აღიარებს, რომ უფრო გამძლეა, ვიდრე სწრაფი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლე დისტანცია მისი სპეციალობა არაა. მაგრამ ამ დისტანციაზე მსოფლიოს ყოფილ (2017 წელი) და ოლიმპიური მოქმედი ჩემპიონი, კენიელი ფაით კიპიეგონი უკან კი ჩამოიტოვა.
„ძალიან ბედნიერი და იმავდროულად, დაღლილი ვარ. საოცარი გარბენი იყო. მეგონა, რომ ბოლო 400 მეტრზე ფაითი გამასწრებდა. სიჩქარეზე ბევრი არ მიმუშავია და ახლახანს 10 000 მეტრზე ვიასპარეზე. ამიტომ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შევძელი ასე სწრაფად გარბენა“, - განაცხადა ჰასანმა.
მამაკაცთა შორის 110 მეტრზე თარჯრბენში გამარჯვება ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა ომარ მაკლეოდმა მოიპოვა, ვინც ფინიშს 13.01 წამში მიაღწია, რაც შეხვედრის რეკორდული დროა. ქალთა 100 მეტრზე თარჯრბენში პუერეტო რიკოელმა ჟასმინ კამაჩო-ქვინმა გაიმარჯვა (12.38 წამი).
3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში მაროკოელმა სუფიან ელ ბაკალიმ გაიმარჯვა, ვინც სეზონში მსოფლიოს საუკეთესო შედეგი, 8 წუთი და 08.54 წამი დააფიქსირა. სამეულში ვერ გავიდა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, კენიელი კონსესლუს კიპრუტო, ვინც შუა დისტანციაზე ჩამორჩა.
ბადროს ტყორცნაში, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა, ხორვატმა სანდრა პერკოვიჩმა ბადრო 68.31 მეტრზე გასტყორცნა, რაც მსოფლიოში ბოლო სამი წლის საუკეთესო შედეგია.